რეალის ფეხბურთელთა ამბიცია ნახევარფინალის წინ

Home აქეთურ-იქითური რეალის ფეხბურთელთა ამბიცია ნახევარფინალის წინ
რეალის ფეხბურთელთა ამბიცია ნახევარფინალის წინ
Trent Alexander-Arnold right-back of Real Madrid and England controls the ball during the FIFA Club World Cup 2025 quarter final match between Real...
ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი

ხვალ, 9 ივლისს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში „პარი სენ ჟერმენი’’ „რეალს’’ შეხვდება. მსოფლიო მედიისთვის ეს მატჩი არის კილიან მბაპეს დაპირისპირება ყოფილ კლუბთან. ვინ შეძლებს პარიზელების გაჩერებას? მეოთხედფინალში ეს „ბაიერნმა’’, ბოლო წუთებში, 11 კაცითაც ვერ შეძლო ცხრის წინააღმდეგ ― 0:2 წააგო. ახლა „რეალის’’ ცდაა. მბაპე პარიზელთა ახალ შემადგენლობასა და მის შესაძლებლობებს მხოლოდ ტელეეკრანიდან იცნობს, აი, ინგლისელი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი კი მარტში „ლივერპულში’’ თამაშობდა, როდესაც ლუის ენრიკეს გუნდს მოედანზე დაუპირისპირდა.

„მე პსჟ-ს წინააღმდეგ ამ სეზონში უკვე ვითამაშე და უნდა ვთქვა, რომ ისინი განსაკუთრებულები იყვნენ, მაგრამ ფლეი-ოფში ნებისმიერ გუნდს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. ჩვენ სერიოზულად მოვემზადებით უმძიმესი მატჩისთვის და ვნახოთ ვინ იქნება საუკეთესო გუნდი’’, ― თქვა ინგლისელმა.

„რეალის’’ ახალგაზრდა ესპანელი, უფრო ზუსტად კი მადრიდელი მოთამაშე ფრან გარსია ფიქრობს, რომ პსჟ-ს გასანეიტრალებელი გეგმა იცის.

„ჩემი აზრით ჩვენი გუნდის ყველა ფლანგის მოთამაშე უნდა იყოს მზად პარიზელი ფეხბურთელების შესაბოჭად. მათ ძალიან უნდა გავურთულოთ საქმე.  და რასაკვირველია, ისინიც მაქსიმალურად უნდა გვიფრთხილდნენ. მწამს, რომ „რეალი’’ კვლავაც მსოფლიოში საუკეთესო გუნდია და ეს რომ ასეა, საქმით უნდა დავამტკიცოთ’’, ― თქვა გარსიამ.

მადრიდელთა გერმანელი მცველი ანტონიო რუდიგერი: „პარიზელებმა როგორც ჩემპიონთა ლიგაში ასევე აქ, კლუბთა მსოფლიოს თასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, მაგრამ ჩვენ მადრიდის „რეალი’’ ვართ და ნებისმიერ გამოწვევას ვიღებთ’’.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.