NBA-ში მორიგი სათამაშო დღე იყო და ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ორლანდოს მატჩს ჰქონდა. საქმე ის არის, რომ ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, „ჯადოქრების“ ერთ-ერთი ლიდერი პაოლო ბანკერო მოედანს დაუბრუნდა, რამაც გუნდში ბითაძის როლი და დრო შეამცირა. ორლანდომ მილუოკი ბაქსს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 106:109 წააგო. ბითაძემ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი კი შეინარჩუნა, მაგრამ…
ბითაძემ მოედანზე 22:33 წუთი გაატარა. თითქოს მცირე დრო არ არის, მაგრამ გუნდის შეტევები და კომბინაციები ბანკეროზე იყო აწყობილი, რამაც ჩვენებურის შედეგიანობა მკვეთრად შეამცირა. 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი – ასეთია ბითაძის მონაგარი, რაც მისი ბოლოდროინდელი სტატისტიკის ნახევარიც არ არის. გოგამ ოთხჯერ შეუტია ფარს და ორი ჩააგდო. გუნდს კი სწორედ ბანკერომ ულიდერა – 34 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი. ეს ცუდი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის, მაგრამ მოსაგებად არ იკმარა. ვნახოთ, რა იქნება მომდევნო მატჩში, სადაც ორლანდო ფილადელფიას უმასპინძლებს.