ექსცენტრულობით ცნობილმა ჯენარო გატუზომ, რომელიც ხორვატულ „ჰაიდუკს” უდგას სათავეში, პრეს-კონფერენციაზე თავის ფეხბურთელს fuck off-ო უთხრა. ეს სლოვაკურ „რუზომბერიკთან” კონფერენციია ლიგის შეხვედრის (0:0) წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე მოხდა. გატუზო ჟურნალისტების წინაშე „ვესტ ბრომვიჩსა” და „ნოტინგემ ფორესტში” იჯარით ნათამაშევ ფილიპ კროვინოვიჩთან ერთად წარდგა. კროვინოვიჩს ჟურნალისტმა რაღაც ჰკითხა, მაგრამ „მილანის” ლეგენდას ეტყობა საქმის მალე მოთავება ეჩქარებოდა და მოთამაშე არც მთლად თავაზიანად დააჩქარა.

„ფილიპ, ბევრს ნუ ლაპარაკობ. მალე მოათავე და fuck off აქედან”, — უთხრა თავის ფეხბურთელს „ვალენსიაში” გიორგი მამარდაშვილის ყოფილმა თავკაცმა.

პრესა წერს, რომ შესაძლოა გატუზოს არ უნდოდა, რომ კროვინოვიჩს საჯაროდ დეტალებზე ელაპარაკა.

„ჰაიდუკის” თავკაცობა 46 წლის გატუზოსთვის 11 წელიწადში მეათე სამსახურია. მისი ხელმძღვანელობით ქალაქ სპლიტის გუნდი ცდილობს 2005 წლის შემდეგ პირველად გახდეს ხორვატიის ჩემპიონი. გუნდი გაძლიერდა ისეთი ფეხბურთელებით, როგორებიც არიან ივან რაკიტიჩი და ივან პერიშიჩი.