juve napoli raspadoriჯაკომო რასპადორიმ „ნაპოლის” იუთუბ-არხზე პოდკასტ Drive e Talk-ს ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი ის არის, სადაც იტალიელი თავდამსხმელი 2022-23 წლების სეზონში, ტურინში „იუვენტუსის” კარში გატანილ გოლს იხსენებს:

„ტურინში გატანილი გოლი გარდა იმისა, რომ პირადად ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, ვფიქრობ ყველა ნეაპოლელისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა. მე ის ჩემი თანაგუნდელებისთვის გავიტანე, მაგრამ ყველას საკუთრება გამოვიდა. მისი მნიშვნელობა მერეღა გავაცნობიერე, როდესაც ვიდეოჩანაწერი ვნახეთ. კვარამ თქვა, იმ მომნტში მივხვდი, რომ სკუდეტო ჩვენი გახდებოდაო. მე კი მეეჭვებოდა. შეიძლება ეს ჩემი საფეხბურთო უცოდინარობის ბრალი იყო. მახსოვს, როდესაც ავტობუსით უკან ვბრუნდებოდით ვთქვი, წარმოიდგინეთ, რა მოხდება სკუდეტო რომ მოვიგოთ, მეთქი. ვიღაცამ შემომხედა და მითხრა: „შენ რა ვერ ხვდები? დღეს ჩვენ სკუდეტო მოვიგეთ”.

ნეაპოლში რომ ჩამოვედით და ზღვა ხალხი დაგვხვდა, ისეთი შთაბეჭდილება იყო, გეგონება თასი მოვიგეთ და ისე დავბრუნდით. ასეთი მომენტები არასდროს გავიწყდება ადამიანს. იმ დღის გახსენება და მასზე ლაპარაკი ცოტა მიჭირს კიდეც, რადგან არის რაღაც საგანგებო, მშვენიერი, რომელიც მარტო შენთვის კი არა, ბევრი ხალხისთვის ხდება განსაკუთრებული და ყოველთვის ასეთად დარჩება…

…სკუდეტოს მნიშვნელობას კარგად ვერ ვხვდებოდი. ის მე ხალხის რეაქციამ დამანახა. გარშემო იმდენი ბედნიერება იგრძნობოდა, რომ მართალია თავად ვერ განვიცდიდი, მაგრამ ნანახმა მიმახვედრა…

…ნეაპოლმა ჩემზე ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. აქ ცხოვრების სტილი განსხვავებულია. მე სოფლელი ვარ. ქალაქს დაჩვეული არ ვიყავი. თავიდან ყველაფერი ქაოსური მეჩვენებოდა. მეგობრებს ვეუბნებოდი, ეს ორგანიზებული ქაოსია, მეთქი. თითქოს ყველაფერი კალაპოტიდან ამოვარდნილი იყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. დიახ, მე სოფელ ადგილას ცხოვრება უფრო მიადვილდება, იქ გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ თავს, მაგრამ ნეაპოლელები ყველაფერს აადვილებენ, რადგან მშვენიერი ხალხია, მათ სიცოცხლე უხარიათ. როდესაც საცხოვრებლად ახალ ადგილას გადადიხარ, არ იცი როგორ მოიქცე, სად იპოვო ის რაც გჭირდება, მაგრამ ნეაპოლელები სპონტანური ხალხია. ისინი ყველაფერში გეხმარებიან…

…დიახ, უნივერსიტეტში ვსწავლობ, მაგრამ ბოლო წლებში ბევრი თანაგუნდელი მყავდა, რომლებიც ჩემი არ იყოს სწავლას მიჰყვებიან. ახლა უკვე ბევრს ესმის, რომ სწავლის და ფეხბურთის შეთავსება შეიძლება. თუმცა, არის ლოჯისტიკური პრობლემები. ჩვენ ბევრს ვმოგზაურობთ, დასვენების პერიოდიც ატიპიურ დროს, ივნისში გვაქვს. ამას დაამატეთ სანაკრებო შეკრებები…”