მინუს კვარა და ალბათ პოლიტანო

Home კატეგორიის გარეშე მინუს კვარა და ალბათ პოლიტანო
მინუს კვარა და ალბათ პოლიტანო
breaking news from Castel Volturno: two big names stop
ფრანჩესკო კალცონას სანერვიულო დაემატა

ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” უდინეში თამაშობს, მაგრამ მიიღებს თუ არა ამ შეხვედრაში მონაწილეობას თავად ხვიჩა, უცნობია. „პარტენოპეელები” გუშინ შეხვედრისთვის კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ცენტრში ემზადებოდნენ. მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს. დარჩენილ შეხვედრებზეა დამოკიდებული მოხვდება თუ არა 2022-23 წლების სერია A-ს ჩემპიონი რომელიმე ევროთასზე, ევროპის ან კონფერენციის ლიგაში, თუმცა მწვრთნელ ფრანჩესკო კალცონას სანერვიულო დაემატა: ვარჯიშის მსვლელობისას მატეო პოლიტანო და კვარა დაშავდნენ. ქართველს კუნთი გაეჭიმა და ფაქტობრივად დანამდვილებით ამბობენ, რომ „უდინეზესთან” ვერ ითამაშებს. ის დარბაზში შევიდა, სადაც ტრენაჟორებთან განაგრძო მუშაობა. მატეო პოლიტანო კი ჟუან ჟესუსს შეუერთდა და მართალია მოედანზე, მაგრამ გუნდისგან დამოუკიდებლად, მსუბუქად ვარჯიშობდა.

სასეირო ფაქტია, რომ „უდინეზეს” სათავეში უდგას 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და საუკეთესო ფეხბურთელი ფაბიო კანავარო, რომელიც ნეაპოლელია და „ნაპოლის” თავკაცობაზე ოცნებობს. ხვალ სამი ქულა მის გუნდსაც ძლიერ სჭირდება — უდინელები მე-18 ადგილზე არიან და თუ ცხრილში პოზიცია არ გაიუმჯობესეს, გავარდებიან. კანავაროს სამი ქულა მშობლიური ქალაქისთვის აქვს წასართმევი.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.