შვეიცარიაში გამართულმა წილისყრამ გაარკვია ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მეტოქეები. ჩვენი გუნდი ჯგუფის შეხვედრებს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს, ჯგუფში ჩვენი ნაკრების მეტოქეები ლატვია და ფილიპინები იქნებიან.

საქართველოს ჯგუფი:

რიგა (ლატვია)

A ჯგუფი: ლატვია, საქართველო, ფილიპინები.

B ჯგუფი: ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი.

სხვა ჯგუფი:

ვალენსია (ესპანეთი)

A ჯგუფი: ესპანეთი, ანგოლა, ლიბანი.

B ჯგუფი: პოლონეთი, ფინეთი, ბაჰამის კუნძულები.

პირეოსი (საბერძნეთი)

A ჯგუფი: სლოვენია, ახალი ზელანდია, ხორვატია.

B ჯგუფი: საბერძნეთი, დომინიკის რესპუბლიკა, ეგვიპტე.

სან ხუანი (პუერტო რიკო)

A ჯგუფი: ლიეტუვა, მექსიკა, კოტ დ’ივუარი.

B ჯგუფი: პუერტო რიკო, იტალია, ბახრეინი.

თითოეული საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება 2-დან 7 ივლისის ჩათვლით და თითოეულის გამარჯვებული მიიღებს ოლიმპიადის საგზურს. შესაბამისად, ერთ ტურნირში (ლოკაციაზე) თავს მოიყრის 6 ნაკრები, რომლებიც ორ სამგუნდიან ჯგუფად გაიყოფა. ერთ წრის შემდეგ თითოეული ჯგუფის 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში ჯვარედინად დაწყვილდება, ხოლო ფინალის მომგები ნაკრები ოლიმპიადაზე ითამაშებს.​

მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით პარიზის ოლიმპიადაზე თამაში განაღდებული აქვთ ევროპისა და ამერიკის ორ-ორ, ხოლო აზიის, აფრიკის და ავსტრალია/ოკეანიის თითო საუკეთესო გუნდს: საფრანგეთი (მასპინძელი), გერმანია, სერბეთი (ევროპიდან), აშშ, კანადა (ამერიკიდან), სამხრეთ სუდანი (აფრიკიდან), იაპონია (აზიიდან) და ავსტრალია (ავსტრალია/ოკეანეთიდან).