აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.
ხვიჩას პრიზი მამამ, ბადრი კვარაცხელიამ ჩაიბარა

საქართველოს 2022-2023 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა!!!

ალბათ ამაში ეჭვიც არავის ეპარებოდა და ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოკითხვის შედეგად საუკეთესოდ „ნაპოლის“ ქართველი შემტევი დაასახელეს. თუმცა, კვარამ ხმების 100 პროცენტი მაინც ვერ მიიღო – 98.8% დააგროვა. 85 გამოკითხული ჟურნალისტიდან ხვიჩას ხმა 84-მა მისცა. ეს ჯერჯერობით აბსოლუტური რეკორდია, რომელიც აქამდე (2002-2003 წლების სეზონში) კახი კალაძეს ეკუთნოდა – 93.3. თბილისის დღევანდელი მერის პირველობას იმხნად 45 ჟურნალისტიდან ხმა 42-მისცა.

დაჯილდოვებას, რომელიც „ლიდერბეთის“ მხარდაჭერით „ბიარ თაიმმა“ უმასპინძლა, გამარჯვებული ვერ ესწრებოდა. მიზეზი მარტივია – ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი, 29 ნოემბერს, მსოფლიოს საუკეთესო გუნდის, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ითამაშებს. პრიზი ხვიჩას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ ჩაიბარა, ვინაც სპორტულ ჟურნალისტებს შვილის დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ლამაზ პრიზს ხვიჩას კოლექციაში მის ადგილს მიუჩენს. წლევანდელ გამოკითხვაში კვარაცხელიას კონკურენტები იყვნენ გიორგი მიქაუტაძე და გიორგი მამარდაშვილი.

გიორგი გოჩოლეიშვილის აგენტი ირაკლი ლილუაშვილი და მეუღლე ანა ოქრუაშვილი

პრიზები ვთქვით და, „სარბიელს“ მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელისთვის არ უზრუნია: საღამოზე ასევე დაჯილდოვდნენ სეზონის საუკეთესო დებიუტანტი გიორგი გოჩოლეიშვილი და ვეტერანი ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე, ვინც „სარბიელმა“ ქართულ ფეხბურთში გაწეული ამაგისთვის დააფასა და „ბასას“ (ავთანდილ ღოღობერიძე) სახელობის პრიზი ლეგენდარული ფეხბურთელის შვილმა – თენგიზ ღოღობერიძემ გადასცა.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ პრიზები საკმაოდ ორიგინალურია: საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მხატვრული ფილმის, „პირველი მერცხალის“ გმირის ინტერპრეტაციაა (იასონ კვირკველიას პერსონაჟი). სეზონის საუკეთესო დებიუტანტის პრიზი, გიორგი გოჩოლეიშვილის მეუღლეს ანა ოქრუაშვილს გადაეცა. პრიზი წარმოადგენს „ხვედელიძის“ ფიგურას ფილმიდან „ფეოლა“.

პრიზებზე იმუშავეს მოქანდაკეებმა – ლევან ვარდოსანიძემ და თემურ ლომიძემ.

„სარბიელის“ დაჯილდოვებას კოლეგებთან ერთად ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ: მანუჩარ მაჩაიძე, ალექსანდრე ჩივაძე, ვახტანგ ქორიძე, ოთარ გაბელია, ვლადიმერ გუცაევი, თემურ ქეცბაია, მურთაზ შელია… გეტყვით, რომ „სარბიელი“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგად 1993 წლიდან ასახელებს. კვარაცხელია ამ პრიზის მფლობელი მეორედ გახდა. მასზე მეტჯერ საუკეთესოებად მხოლოდ შოთა არველაძე (3) და კახა კალაძე (4) იყვნენ დასახელებულნი.

მანუჩარ მაჩაიძეს პრიზი ავთანდილ ღოღობერიძის შვილმა, თენგიზ ღოღობერიძემ გადასცა
ვახტანგ ქორიძე და ალექსანდრე ჩივაძე
აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.
თემურ ქეცბაია და საღამოს წამყვანი ბექა მახათაძე
აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.
ვლადიმერ გუცაევი