„ნაპოლიმ” სალერნოში 2:0 მოიგო და 11 ტურის შემდეგ სერია A-ს ცხრილში მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა. ნეაპოლელთა მატჩების შემდეგ ჩვენ, როგორც წესი, გთავაზობთ ნეაპოლური ან მსხვილი იტალიური გაზეთებისა და საიტების მოსაზრებებს, ახლა კი გადავწყვიტეთ გაგაცნოთ სალერნოული პრესის, კერძოდ tuttosalernitana-ს  წერილი თითქმის უცვლელად და თან ჩვენი კომენტარის გარეშე: 

The derby is decided by two irregular goals: will Rapuano be stopped? And from Naples continuous attacks on Salerno...„სტადიო არეკიზე”, სადაც თამაშობდა არნახულად ცუდ ფორმაში მყოფი მასპინძელთა გუნდი და სადაც სალერნოელები ტრიბუნებზე „სალერნიტანას” წინააღმდეგ მღეროდნენ, მსაჯმა ბატონმა ანტონიო რაპუანომ და მისმა თანაშემწეებმა ყურადღების მიპყრობა მოახერხეს. საინტერესოა, რომ სტატისტიკის თანახმად ყოველთვის, როდესაც შეხვედრას ეს რიმინელი მსაჯი უძღვება, „სალერნიტანა” მარცხდება. ძნელი წარმოსადგენია, რას დაწერდნენ ნეაპოლელები მათ გუნდს რომ წაეგო ისეთი სერიოზული და აშკარა გარემოების გამო, როგორიც გახლდათ დი ლორენცოს (ავტორს უნდოდა ეთქვა ოლივერას) ოფსაიდი. ამ თამაშგარემ, რომელიც შეხვედრის პირველ გოლს უძღოდა წინ, ფაქტობრივად შეცვალა მატჩის ბედი. მანამდე მასპინძლები გაცილებით უკეთ თამაშობდნენ.

ღმერთმა დაგვიფაროს თავის გამართლებისგან და ისიც გვესმის, რომ ამ ეპიზოდში VAR ვერ ჩაერეოდა, მაგრამ როგორ შეიძლებოდა თანამსაჯს ვერ დაენახა, რომ იმ მომენტში, როდესაც პოლიტანომ პასი მიაწოდა, დი ლორენცო „სალერნიტანას” ყველა მცველზე წინ იდგა? მართალია, შემდეგ „გრანატამ” ბურთი მოიპოვა და ახალი მოქმედება დაიწყო, მაგრამ ოფსაიდის გამო თამაში ხომ უნდა გაეჩერებინათ. ეს გახლდათ ისეთივე „დახმარება”, როგორიც „ნაპოლიმ” 2022 წლის იანვარში პაირეტოსგან ორი არ არსებული პენალტის სახით მიიღო. აქ აღარაფერს ვამბობთ „ტაქტიკურ ჯარიმაზე”, როდესაც ლობოტკამ კულიბალი წააქცია, რისთვისაც უდავოდ ყვითელ ბარათს იმსახურებდა და კვარას ნერვიულ ქცევაზე — ის უმიზეზოდ, გაუთავებლად აპროტესტებდა მსაჯის გადაწყვეტილებებს, რის გამოც არ დაუსჯიათ.

„ნაპოლის” წინ არ-დანიშნული ჯარიმა უძღოდა მეორე გოლსაც: ჩანაწერში ჩანს, რომ ჩაუნა წესის დარღვევით შეაჩერეს. თანამსაჯი ამ ეპიზოდშიც კარგ პოზიციაში იდგა, მაგრამ ისევ უყურადღებობა გამოიჩინა. ნუთუ შეიძლება, ასეთ დროს VAR არ ჩაერიოს ან მსაჯმა არ ნახოს ჩანაწერი? ამას დავამატოთ ის მომენტი, როდესაც დი ლორენცომ ჩაუნა მოცელა, რის გამოც ის გააფრთხილეს და „ნაპოლის” კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა. და კიდევ იყო ერთი შედევრი მეორე ტაიმის შუაში: სტუმართა გუნდის ფეხბურთელი ეცემა, „სალერნიტანას” სასარგებლოდ უნდა დაინიშნოს ჯარიმა, ბურთი მიგორავს აუტში, მაგრამ სანამ ის ხაზს გადაკვეთს, რაპუანო უსტვენს და ჯარიმას… „ნაპოლის” სასარგებლოდ ნიშნავს. და ეს ყველაფერი ხდება ინძაგის ნერვიულობისა და ტრიბუნებზე გამაყრუებელი სტვენის ფონზე.

მოდი, მკაფიოდ ვთქვათ: „სალერნიტანა” ალბათ მაინც წააგებდა. გუნდებს შორის სხვაობა ნათელია. მაგრამ, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ იტალიის ჩემპიონს აუტსაიდერთან შეხვედრაში ანგარიშის გასახსნელად ასეთი ეპიზოდი სჭირდება და შეხვედრისთვის წერტილის დასმასაც საკმაოდ საეჭვო მომენტით ახერხებს.