ჩემპიონი რვიდან რვით…

Home სიახლეები ჩემპიონი რვიდან რვით…
ჩემპიონი რვიდან რვით…

No description available.No description available.

 

გერმანიის კალათბურთელთა ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფინალში მათ სერბეთის ნაკრები 83:77 დაამარცხეს.

მატჩი დაძაბული გამოვიდა. პირველი და მეორე მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ტაიმი ფრედ, 47:47 დასრულდა.

გარდამტეხი აღმოჩნდა მესამე მეოთხედი, რომელიც გერმანიის ნაკრებმა ჩინებულად ჩაატარა, სერბებს კი გააზრებული შეტევების განხორციელება უჭირდათ, მატჩის ეს მონაკვეთი მომავალმა ჩემპიონმა 22:10 მოიგო.

ბოლო მეოთხედში გორდი ჰერბერტის გუნდმა 12-ქულიანი უპირატესობაც კი მოიპოვა, თუმცა სერბებმა საფინალო სირენამდე ერთი წუთით ადრე სხვაობა 3 ქულამდეც კი შეამცირეს, მაგრამ რამდენიმე ხელსაყრელი შანსი ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ, გერმანიამ მოახერხა შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა და ტიტულის მოპოვება.

გერმანელთა შემადგენლობაში 28 ქულით საუკეთესო დენის შრიოდერი იყო. 19 ქულა დააგროვა ფრანც ვაგნერმა. სწორედ ამ დუეტმა გაინაწილა საუკეთესოთა მოათამაშეთა ტიტულები – ვაგნერი ფინალის საუკეთესო გახდა, შრიოდერი კი ტურნირის MVP-ით დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიამ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი წაუგებლად დაამთავრა – გუნდმა 8-იდან 8 მატჩი მოიგო.

ფინალამდე მესამე ადგილისთვის მატჩში კანადის ნაკრებმა აშშ ოვერტაიმში 127:118 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა.

No description available.