Italy Under 19, is Bollini's success: he is ready to lead the Under 21იტალიის 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ყმაწვილთა „სკუადრა აძურამ” ფინალში 1:0 მოუგო პორტუგალიას, რაც დიდ ტრიუმფთან ერთად შურისძიებაც გამოვიდა — ამავე შეჯიბრების ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიელებმა 45 წუთის განმავლობაში კაცნაკლულ იტალიელებს 5:1 მოუგეს.

პორტუგალიელი და იტალიელი ჭაბუკების დაპირისპირების ისტორია უფრო ძველ ამბებსაც მოიცავს. სულ ბოლოს, 2018 წლის ევროპის პირველობის ფინალში, პორტუგალიამ „აძურინის” 4:3 მოუგო. ეს შეხვედრა ასაკობრივი ფეხბურთის კლასიკად არის ცნობილი. ამჯერად გამარჯვება აპენინელებს დარჩათ. გამარჯვების გოლი „ფიორენტინას” მარჯვენა გარემარბმა მაიკლ კაიოდემ გაიტანა. შეხვედრის მე-19 წუთზე შეგდებული ეს ერთადერთი გოლი ალბერტო ბოლინის გუნდისთვის საკმარისი გამოდგა. შეხვედრა მალტაში, „ტაქალის” სტადიონზე გაიმართა.

იტალიამ 19 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული ბოლოს 20 წლის წინ მოიგო და ფინალში მაშინაც პორტუგალია დაამარცხა — 2:0. 2003 წელს „აძურინის” სათავეში პაოლო ბერეტინი ედგა, გუნდში კი იყვნენ ჯორჯო კიელინი, ალბერტო აქვილანი და სხვები.

19 წლამდელთა ევროზე გამარჯვების შემდეგ ბოლინის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელობის მთავარ კანდიდატად მიიჩნევენ. მოგეხსენებათ, ახლახან, საქართველოსა და რუმინეთში დასრულებულ ახალგაზრდულ ჩემპიონატში იტალიის ნაკრებმა უხეიროდ ითამაშა და მწვრთნელი პაოლო ნიკოლატო თანამდებობიდან მოხსნეს.