ძალიან მაგარი ამბავი – კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) დიდების დარბაზში პირველი ქართველი კალათბურთელი გამოჩნდება – ზურაბ საკანდელიძე. ჩვენებური იმ 10 დიად კალათბურთელს შორისაა, რომლებსაც 23 აგვისტოს უკვდავყოფენ.
საკანდელიძის გარდა დიდების დარბაზში მოხვდებიან: ამაია ვალდემორო (ესპანეთი), იუკო ოგა (იაპონია), პენი ტეილორი (ავსტრალია), კატრინა მაკლაინი (აშშ), ვლამირ მარკესი (ბრაზილია), იაო მინი (ჩინეთი), სონი ჰენდრავანი (ინდონეზია), ანჯელო მონტეირო დოს სანტოს ვიქტორიანო (ანგოლა) და კარლოს ლოიზაგა (ფილიპინები).
დიდების დარბაზში პირველი წევრები 2007 წელს გამოჩდნენ და სადღეისოდ 60 მამაკაცს, 21 ქალს, 30 მწვრთნელს, რამდენიმე ოფიციალურ პირსა და ერთ გუნდს ითვლის.
FIBA-მ საკანდელიძე მსოფლიო კალათბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და სპორტული მიღწევების გამო დააფასა.
ქართული კალათბურთის ლეგენდა მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია; მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი; მსოფლიოს ჩემპიონი (1967) და მესამე პრიზიორი (1970); ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1965, 1967, 1969, 1971) და მესამე პრიზიორი (1973); სსრკ ჩემპიონი (1968); სსრკ თასის მფლობელი (1969); მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების საუკეთესო მცველი (1967); კონტინენტის სიმბოლური ნაკრების წევრი (1967); საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1967); საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი; საპატიო ნიშნის ორდენის კავალერი; ღირსების ორდენის კავალერი; ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი.
ზურაბ საკანდელიძე 2004 წელს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.
FIBA-ს მხრიდან ეს ქართველის მეორე დიდი აღიარებაა. 1991 წელს ამ ორგანიზაციამ ყველა დროის უდიდეს 50 კალათბურთელს შორის ასევე ლეგენდარული ოთარ ქორქია დაასახელა.
