არც „მანჩესტერ სიტი”, არც „რეალი” და ასე განსაჯეთ არც „ბაიერნი” — იღბალმა „ნაპოლის” ხელის ერთი მოქნევით, პროცენტებით დაუბრუნა ვალი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ადრინდელი წილისყრების გამო მართებდა. „აინტრახტის” შემდეგ „აძურის” შეხვდა „მილანი” (12 აპრილს გუნდები „სან სიროზე” თამაშობენ, 6 დღის მერე კი საპასუხო მატჩია „მარადონაზე”) და თუ აჯობებს, ნახევარფინალში „ინტერსა” და „ბენფიკას” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ამჯერად უიღბლობის მომტანი ჩიტები სხვებმა დაიტაცეს. საკმარისია შეხედო, თუ რა ხდება ბადის გადაღმა მხარეს, სადაც „რეალი” „ჩელსის” შეხვდა, „მანჩესტერ სიტი” კი „ბაიერნს”, რომ იოლად მიხვდები — „ნაპოლის” ბოლოს და ბოლოს გაუმართლა. ერთი სიტყვით ბრძოლაა საჭირო და მართალია ვერ იტყვი, რომ „აძურის” სტამბოლისკენ გზა უკვე გახსნილი აქვს, მაგრამ ისე ჩანს, რომ ბედმა კარი მაინც ფართედ გაუღო.
„ყველა, ვისაც ჰგონია, რომ გაგვიმართლა, არაკომპეტენტურია,” — ამბობს თავის მხრივ სპალეტი, რომელსაც, როგორც ჩანს, აკანკალებს როდესაც ხედავს, რომ ყველას იოლ საქმედ მიაჩნია ის, რაც სინამდვილეში რთულია. თუმცა, თუ გავიხსენებთ რა მეტოქეებს ასცდა, შეუძლებელია გულის სიღრმეში არ უხაროდეს, — „ჩვენ ფავორიტები არ ვართ. ფავორიტი „მილანია”, რომელსაც დიდი ისტორია აქვს”.
„ნაპოლი” — „მილანი” მოგონებების დაპირისპირებაა. ეს არის 1 მაისს დაკარგული სკუდეტო, ალემაოს მონეტა, საკისა და ბიანკის დუელები და ბოლოს ჰოლანდიელების დაპირისპირება Ma. gi. ca-სთან (მარადონა-ჯიორდანო-კარეკა. აბრევიატურით სიტყვა „ჯადოსნური” გამოდის). ეს გახლავთ ბრძოლა მარადონას ლეგენდარული წლებისთვის, „ოქროს ბიჭუნას” თაობის ხსოვნისთვის.
სულ რაღაც ექვსი თვის წინ თუ გაიფიქრებდით, რომ „ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგაში მთელი გზის ბოლომდე გავლა შეუძლია, ხოლო ბუქმეიქერებისთვის ყველაზე პოპულარული ფინალი „ნაპოლი”—„მანჩესტერ სიტია”, დაუყოვნებლივ 118-ზე დარეკვას და კარგი ფსიქოლოგის მოძებნას გირჩევდნენ. მაგრამ, როგორც ხედავთ, ჩვენს წინაშეა მრავლისმეტყველი სიგნალი, რომელიც სპალეტის პროექტებმა, სცენარებმა და იდეებმა მოიტანა.
რასაკვირველია, არავინ ფიქრობს, რომ „მილანთან” თამაში აღდგომის მეორე დღის პიკნიკია. ეს გახლავთ მთა, რომელზეც ასვლაა საჭირო. მთა, რომელიც ჩემპიონთა თასის (ლიგის) შვიდი მოგებული ფინალისგან შედგება, მაგრამ ბოლო გამარჯვება 2007 წლით თარიღდება — ბოლო 16 წლის განმავლობაში ევროპა და „მილანი” კარგ ურთიერთობაში არ იყვნენ. თუ ამ ორი გუნდის ისტორიას შევადარებთ („ნაპოლის” 1989 წელს უეფას თასი აქვს მოგებული და სულ ეს არის), მაშინ შემდეგ ეტაპზე „მილანი” უნდა გავიდეს: მილანელოს ცაზე ხომ უამრავი ჯილდო ბრჭყვიალებს. მაგრამ, რეალობა ის არის, რომ მოედანზე ოსიმენი, ლობოტკა და კვარა ლეაოს, ჟირუსა და (თუ ჯანზე იქნა) იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ უნდა გავიდნენ, მიმდინარე სეზონში კი მათ შორის მარიანის ღრმულია — სერიაA-ს ცხრილში 20 ქულა აშორებთ.
მოკლედ, საფიქრალი ბევრი არაფერია და სპალეტიმაც ყველაფერი ძალიან სწორად მიიღო: ახლა ან არასოდეს. ოღონდ, როგორც კი ზურგის ქარი იგრძნო, ეშმაკმა ლუჩანონემ ბუზღუნი დაიწყო: „მერჩივნა იტალიელებს არ შევხვედროდი. იღბლიან წილისყრაზე მხოლოდ არაკომპეტენტურები ლაპარაკობენ. ჩემპიონთა ლიგა ხომ „მილანის” სახლია, მას თასი შვიდჯერ აქვს მოგებული, მხოლოდ „რეალს” ჩამორჩება. მარტო ერთ კაცს, დირექტორ პაოლო მალდინის ხუთჯერ აქვს ლიგა მოგებული. ამასწინათ წავიკითხე, რომ პსჟ და სხვა გუნდები ჩემპიონთა ლიგას იმიტომ ვერ იგებენ, რომ გამოცდილება არ ჰყოფნით. თუ ეს მართალია, მაშინ ჩემპიონთა ლიგის უპირობო ფავორიტი „მილანი” ყოფილა. მან „ტოტენჰემი” გამოთიშა. იმავე მიზეზით „ბენფიკასა” და „ინტერსაც” შეუძლიათ თქვან, რომ მეოთხედფინალში ფავორიტები არიან. ამიტომ, გაწონასწორებული ლაპარაკია საჭირო. სიტყვებით შედეგს ვერ მიაღწევ”.
ამას რომ ამბობს, სპალეტი მართალია, რადგან ხვდება, რომ ნეაპოლში თამასა ძალიან მაღლა აწიეს. ეს პირველმა დე ლაურენტისმა გააკეთა, როდესაც თქვა, რომ სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგის ერთად მოგებაზე ოცნებობს, მაგრამ შიშობს, რომ მის გამოუცდელ მეომრებზე ეიფორია ცუდად იმოქმედებს. მეორე მხრივ კი ცივი შხაპი „აძურისთვის” ნაცნობი რამ არის: 2015 წელს, ევროლიგის ნახევარფინალში, როდესაც წილისყრამ „ნაპოლის” „დნიპრო” არგუნა, ვარშავის (ანუ ფინალის) ბილეთები სამი ათასმა კაცმა შეუკვეთა, მაგრამ „აძური” ფინალში ვერ გავიდა და დარჩნენ პირში ჩალაგამოვლებულები.
სპალეტი განაგრძობს: „ძალიან რთული თამაში გვქონდა „აინტრახტთან”. როდესაც ყველა გეუბნება, რომ შენ უკვე შემდეგ ეტაპზე ხარ, ეს უსიამოვნოდ გძაბავს. საბედნიეროდ გავიმარჯვეთ. ამაზე ვოცნებობდით კიდეც, მაგრამ სიხარულის შეგრძნება გუნდს მხოლოდ შემდეგ ეტაპამდე მიგვყვება. აი, გულშემატკივარი კი ღირსია გაცილებით დიდხანს იყოს ბედნიერი”.
რადიო Kiss Kiss-თან ინტერვიუში მან დასძინა: „ჩვენ „მილანს” ისევე კარგად ვიცნობთ, როგორც მილანელები იცნობენ „ნაპოლის”. დიდი მეტოქე გვერგო. გაიმარჯვებს ის, ვინც მოედანზე თამაშს უკეთ წაიკითხავს. „მილანი” ყველა ასპექტში ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეა. ის თავად არის ჩემპიონთა ლიგა.”
„მილანის” მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ კი კარგად იცის, რომ სერია A-ში დიდი ჩამორჩენა ჩემპიონთა ლიგისთვის არაფერს ნიშნავს: „ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონთა ლიგაა. „მილანი” „მილანია”.
მილანელთათვის მეოთხედფინალი 15 წლის განმავლობაში გადაულახავი ბარიერი იყო.
„ჩვენ „მილანი” ვართ და როგორც არ უნდა გვჯობდეს სერია A-ში „ნაპოლი” შემდეგ ეტაპზე გვინდა გასვლას ვაპირებთ. იტალიის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგას შორის მკაფიო სხვაობაა. სწორედ ამიტომ ვიცით, როგორ უნდა გამოვთიშოთ მეტოქე შეჯიბრებას. ეს იქნება გამოწვევებით სავსე დაპირისპირება, რადგან ჩვენ ძლიერ მეტოქეს შევხვდით. ეს მეოთხედფინალია, რომელსაც ჩვენ ამბიციით მივუდგებით”, — თქვა პიოლიმ.
კარგად ჩანს, რომ თუ სპალეტი ცეცხლზე წყლის დასხმას ცდილობს, პიოლი საწვავს ამატებს.
„ნეაპოლელი გულშემატკივარი კენჭისყრით კმაყოფილია? მე მირჩევნია ბოლოს დავრჩე კმაყოფილი”, — ამბობს აშკარად შეურაცხყოფილი.
პინო ტაორმინა. Il Mattino