Kvaratskhelia e Osimhen nelle previsioni di Marca sui prossimi "mister 100 milioni" - ilNapolista„ნაპოლის სკუდეტო ისეთივე იქნება, როგორიც ჩემი იყო, „რომაში”, — თქვა ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ Kiss Kiss Napoli-სთან საუბრისას. მან „ჯალოროსის” იტალიის ჩემპიონის ტიტული 2001 წელს მოაგებინა. 76 წლის ფეხბურთის სპეციალისტმა განაგრძო:

„ახლა მთავარია „ნაპოლიმ” ყურადღება არ მოადუნოს, არ უნდა შეჩერდეს. თუმცა, გუნდს საამისო არაფერი ეტყობა. პრობლემები არ ჩანს. მოთამაშეებს თავიანთი ძალა გაცნობიერებული აქვთ. ამ ყველაფერში კი ლუჩანო სპალეტის უდიდესი წვლილია”.

„აძური” მართლაც შთამბეჭდავად თამაშობს. ის პირველი წრის შემდეგ სერია A-ს ცხრილს ლიდერობს და მეორე ადგილს უპრეცედენტო 12 ქულით უსწრებს. სავარაუდოდ, კონკურენტებს ასეთი სხვაობის გაბათილება უნდა გაუჭირდეთ.

მაგრამ, ნეაპოლელთა ამჟამინდელი მიზანი მარტო სკუდეტოს მოგება არ არის. ისინი ჩემპიონთა ლიგაშიც სერიოზულ ბრძოლას აპირებენ.

„ჩემპიონთა ლიგა? „ნაპოლი” ყველა გუნდისთვის სახიფათოა. თუ მათ თავში არ აუვარდებათ, ყველაფრის მიღწევა შეუძლიათ”, — თქვა კაპელომ.

რაც შეეხება ცალკეულ ფეხბურთელებს, აქ კაპელოს მიაჩნია, რომ პოტენციური ჩემპიონი უპირველეს ყოვლისა დაბალანსებული ძლიერი შემადგენლობით გამოირჩევა, თუმცა…

„კვარა და ოსიმენი კარგად თამაშობენ, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მათ უკან სხვა ფეხბურთელები დგანან, რომლებიც დიდ სამუშაოს წევენ”.

ფაბიო კაპელომ როგორც მწვრთნელმა სკუდეტო ოთხჯერ მოაგებინა „მილანს”, ერთხელ „რომას” და ორჯერ „იუვენტუსს”, თუმცა ტურინელებთან მიღწეული ეს ორი წარმატება კალჩოპოლის გახმაურებული სკანდალის გამო გაუქმებულია. გარდა ამისა, კაპელომ ორჯერ მოაგებინა „რეალს” ლა ლიგის ჩემპიონის ტიტული. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ის იტალიელს ერთხელ აქვს მოგებული. 1993-94 წლების სეზონში მისი ხელმძღვანელობით „მილანმა” ფინალში იოჰან კრუიფის „ბარსელონას” მოუგო 4:0. ეს დაუვიწყარი შეხვედრა ფეხბურთის ისტორიაშია შესული, როგორც საგანგებო.