ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” სტუმრად „სალერნიტანასთან” 2:2 ითამაშა. შეხვედრა ძალიან დრამატული გამოდგა. ანგარიში მე-3 წუთზე მასპინძელთა პოლონელმა თავდამსხმელმა კრჟიშტოფ პიატეკმა გახსნა, თუმცა ნიგერიელმა დავიდ ოკერეკემ მე-11 წუთზე გაქვითა. 38-ე წუთზე მალელმა ლასანა კულიბალიმ ლუკა ლოჩოშვილთან ორთაბრძოლა მოიგო, პოზიცია გაიუმჯობესა და კვლავ მასპინძლები დააწინაურა, 89- წუთზე კი მოედანზე საოცრად დრამატული სცენა გათამაშდა: „სალერნიტანას” კარში VAR-ის დახმარებით დაინიშნა პენალტი. ეს დარტყმა დანიელ ჩიოფანის მასპინძელთა მეკარე ლუიჯი სეპემ აუღო, მაგრამ მოგერიებულს მიკელე კასტანიეტიმ დაამატა და კარში შეაგდო. VAR-მა ჩათვალა, რომ წესი ამ ეპიზოდშიც დაირღვა, სეპემ კატანიეტი წააქცია და ხელმეორედ დანიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმა. ბურთთან ისევ ჩიოფანი მივიდა და მას ისევ სეპემ აუღო, ოღონდ ამჯერად თავად ჩიოფანიმ დაამატა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

თუ კულიბალისთან წარუმატებელ ორთაბრძოლას არ ჩავთვლით, ლოჩოშვილმა კარგად ითამაშა, ის აქტიური იყო და სტუმრად ფრის მოპოვებაში თავისი წვლილი შეიტანა.

მატჩის შემდეგ, „კრემონეზეს” მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ თქვა: „ჩვენ ძლიერ მეტოქესთან დიდებულად ვითამაშეთ. ერთადერთი, რამაც გული დაგვწყვიტა ის არის, რომ შინ სამი ქულა ვერ წავიღეთ. ბიჭებმა კვლავ აჩვენეს, რომ კარგად თამაში ეხერხებათ და იდეებით არიან სავსე. რაც შეეხება პენალტს, მე ვეთანხმები აზრს, რომ პენალტით ფეხბურთელის შეფასება არ შეიძლება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ იმ დრამატულ ეპიზოდში კინაღამ სიცოცხლე გავათავეთ.

აგერ უკვე 13 ტური გავიდა და ერთი თამაშიც არ მოგვიგია. ეს რასაკვირველია მოქმედებს, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ „კრემონეზე” ერთის გარდა ყველა მატჩში ერთსა და იმავე ფეხბურთს თამაშობდა, თავისი სტილის ერთგული იყო. ბიჭებმა ფლორენციაში, რომსა და ბერგამოშიც კი ჩინებულად ითამაშეს. ეჭვი არ მეპარება, რომ გუნდი, რომელიც ასე თამაშობს, აუცილებლად გაიმარჯვებს.

ჩვენი მთავარი ნაკლი კი ის იყო, რომ მეტოქეს გოლები ძალიან იოლად გავატანინეთ. მომავალში დეტალებს მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ”.