Giovanni Simeone rejoicesახლოვდება მსოფლიოს ჩემპიონატი. „ნაპოლის” ფეხბურთელებიდან ზოგი დანამდვილებით მიემგზავრება ყატარში, ზოგის საქმე კი გასარკვევია.

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „რეინჯერსის” 3:0 დამარცხების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები „სასუოლოსთან” შეხვედრისთვის მზადებაზე გადაერთნენ. ეს გახლავთ პირველი მატჩი იმ ხუთიდან, მსოფლიოს ჩემპიონატამდე რომ დარჩა სათამაშო. შემდეგ კი საკლუბო ფეხბურთში ხანგრძლივი უქმობა დაიწყება — მუნდიალის პირველი შეხვედრა 20 ნოემბერს ყატარსა და ეკვადორს შორის გაიმართება.

საქვეყნოდ არის ცნობილი, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოზე არ მიემგზავრება. ის შესარჩევში ჩრდილო მაკედონიამ დაამარცხა, გუნდმა, რომელშიც „ნაპოლის” 7 ნომერი, ელიფ ელმასი თამაშობს. თავის მხრივ, ვერც ელმასის მაკედონიამ გაიკვალა გზა ყატარამდე.

როგორც „ნაპოლი კალჩო” წერს, ის, რომ „სკუადრა აძურა” მსოფლიოს ჩემპიონატს ტოვებს, მთელი იტალიისთვის და ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებისთვის ცუდია, მაგრამ ლუჩანო სპალეტის გუნდისთვის არის ძალიან კარგი: ოთხი ფეხბურთელი, რომელთაც რობერტო მანჩინი ჩვეულებრივ ეროვნულ გუნდში იძახებს, პარტენოპეელთა მწვრთნელს ბაზაზე ეყოლება. ის მათ სეზონის მეორე ნახევრისთვის თავის გემოზე მოამზადებს. ეს ფეხბურთელები არიან ჯაკომო რასპადორი, ალექს მერეტი, ჯოვანი დი ლორენცო და მატეო პოლიტანო. გუნდიდან ნეაპოლელთა გარდა მსოფლიოს ჩემპიონატზე დანამდვილებით მხოლოდ ხუთი ფეხბურთელი მიემგზავრება. ესენია: ირვინგ ლოსანო (მექსიკა), კიმ მინ-ჯაე (სამხრეთ კორეა), პიოტრ ჟელინსკი (პოლონეთი), ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა (კამერუნი) და მატიას ოლივერა (ურუგვაი).

გასარკვევია კიდევ ორი ფეხბურთელის ამბავი. ისინი გახლავან პორტუგალიელი მარიო რუი, რომელიც ფერნანდო სანტუშმა 55 კაციან სიაში შეიყვანა და არგენტინელი ჯოვანი სიმეონე, რომელმაც „რეინჯერსთან” თამაშის წინა პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ „ალბისელესტეს” არაოფიციალურ სიაშია. იტალიური პრესა თავდამსხმელის ნათქვამს ჯერჯერობით ვერ ადასტურებს, რადგან არგენტინელთა მწვრთნელს ლიონელ სკალონის ოფიციალურად ჯერ არაფერი უთქვამს. თავის მხრივ, გლაზგოელთა კარში ორი გოლის ავტორს, ძალიან სურს, რომ „ლაციოსა” და „ატალანტას” ყოფილი ფეხბურთელი სკალონი თავის ოსტატობაში დაარწმუნოს. თუმცა, ის ყატარში რომც წაიყვანონ, სათადარიგოთა სკამზე მოუწევს ჯდომა, რადგან ძირითადში „ინტერის” ფორვარდი ლაუტარო მარტინესი იქნება.