„ნეტავ ვინ თქვა პირველად, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ფეხბურთელის შეძენისთვის საუკეთესო დროა. მე დაბეჯითებით მოგახსენებთ: მწვრთნელისთვის ამაზე საშინელი პერიოდი არ არსებობს“ — წერს თავის ბლოგში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი და მწვრთნელი, 74 წლის ჰარი რედნაპი. ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ ავტორიტეტული პიროვნების მოსაზრება და ორიოდ საინტერესო მოგონება თქვენთვის გაგვეცნო.
რედნაპი განაგრძობს: „მწვრთნელები ამბობენ, რომ ისინი იანვარში ყველაზე გამწარებულები და აღელვებულები არიან.
იანვარი ვაჭრობის თვალსაზრისითაც ცუდი თვეა, ფასები ამ დროს ჭერს ურტყამს. თუ ვინმე ფეხბურთელს ყიდულობს, ესე იგი უჭირს; ზედა ლიგაში გადასასვლელად ან ევროთასებზე მოსახვედრად გაძლიერება სჭირდება. თუმცა, ყველაზე ხშირად, იანვარში ფეხბურთელებს ის კლუბები ყიდულობენ, რომლებიც ხავსს ეჭიდებიან, რამენაირად გავარდნას რომ გადარჩნენ. დანარჩენებმა კი იციან, რომ გამწარებული ხარ, დრო ცოტა გაქვს და კარგი მოთამაშეებიც იოლად არ იშოვება. ამიტომ, ისინი თავიანთ ფეხბურთელებს აძვირებენ და აძვირებენ.
მეც ბევრჯერ დამჭირვებია გარისკვა, მაგრამ ბედის ირონიით, ჩემს კარიერაში საუკეთესო ტრანსფერი სწორედ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გავახერხე. ლაპარაკია პაოლო დი კანიოზე, რომელიც 1998 წლის იანვარში „ვესტ ჰემისთვის“ ვიყიდე.
იმხანად მას მსაჯ პოლ ოლკოკისთვის ხელის კვირს გამო მისჯილი დისკვალიფიკაციის ვადა უმთავრდებოდა და „შეფილდ უენსდიმ“ უპრობლემოდ მოგვყიდა.
ახლაც მახსოვს სათაური გაზეთში: „ჰარი ბოგირზე დაზღვევის გარეშე გავიდა“. ყველას ეგონა, რომ დი კანიო შარში გამხვევდა და მის გამო სამსახურიდან გამაგდებდნენ. სინამდვილეში კი მოხდა სრულიად საწინააღმდეგო რამ. პაოლო ფანტასტიკური ადამიანი აღმოჩნდა. ის იყო დიდი პროფესიონალი და უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე გამორჩეული რაღაცების კეთება შეეძლო. ფანებმა დი კანიო მთელი გულით შეიყვარეს.
პაოლო დი კანიოს ყიდვა რასაკვირველია დიდი წარმატება იყო, მაგრამ მე მახსენდება კიდევ ერთი ფეხბურთელი, ჩია არგენტინელი სახელად ანდრეს დ’ალესანდრო. მე ის 2006 წელს იჯარის წესით „პორტსმუთში“ მივიყვანე.
ორიოდ წლის წინ დ’ალესანდრო ორი კვირით „ვესტ ჰემში“ მყავდა, მაგრამ ძვირი ღირდა და საბოლოოდ „ვოლფსბურგმა“ იყიდა. „პორტსმუთში“ რომ ვმუშაობდი მისი აგენტი, წესიერი კაცი ბარი მაკინტოში დამიკავშირდა და მკითხა, დ’ალესანდროს შეძენა ხომ არ გინდაო. ჩვენი შესაძლებლობები დავთვალეთ და ვნახეთ, რომ მას მხოლოდ იჯარის წესით თუ შევწვდებოდით. შემდეგ გავიდა ცოტა ხანი და ბარიმ ისევ დარეკა. იჯარა უკვე მათაც აწყობდათ. ასე ჩამოვიდა ანდრესი „პორტსმუთში“ და გადაგვარჩინა. ცხრილის ბოლოს ვიყავით და პირადად მისი დახმარებით არ გავვარდით“.