კრიშტიანუ რონალდუს შეიძლება „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბაზაზე თავისი მდიდრული მანქანებით მისვლა აუკრძალონ. პორტუგალიელის ავტოპარკი ჯამში 17 მილიონ გირვანქად არის შეფასებული.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ პრობლემა შეიძლება მანკუნიანელთა ახალმა მწვრთნელმა, 63 წლის რალფ რანგნიკმა შექმნას. ცნობილია, რომ როდესაც რანგნიკი „ლაიფციგში“ მუშაობდა, ფეხბურთელებს მხოლოდ სპონსორი ფირმის ავტომობილებით გადაადგილებას აიძულებდა.
ამრიგად, თუ წესრიგის მოყვარული რანგნიკი ლაიფციგურ წესს „იუნაიტედშიც“ დაამკვიდრებს, კრიშტიანუს თავისი გამაოგნებელი ფარეხისთვის კლიტის დადება მოუწევს.
36 წლის ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ თავის სუპერმანქანებს 250 000 გირვანქად ღირებული „ბენტლი“ შეჰმატა და ქერინგტონში თანაგუნდელებთან რამდენჯერმე მოიწონა კიდეც თავი.
როგორც „მირორი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდის მაისურებზე ლოგო დიდი ხანია აღარ წერია, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოფიციალურ პარტნიორად „შევროლე“ რჩება.
ზემოთ „ლაიფციგი“ ვახსენეთ. გერმანული „გეგენპრესის“ (პრესინგზეა ლაპარაკი) მამა, რალფ რანგნიკი, ბოლოს, 2018-19 წლებში სწორედ „ლაიფციგში“ მუშაობდა. თავის დროზე მისმა ფილოსოფიამ დიდი გავლენა იქონია ისეთ სახელოვან მწვრთნელებზე, როგორებიც არიან იურგენ კლოპი და თომას ტუხელი.
რანგნიკი შესაძლოა ხუთშაბათს, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „არსენალის“ შეხვედრაში უკვე საქმეში ვიხილოთ.
რალფ რანგნიკმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა, რის მერეც „ოლდ ტრეფორდზე“ დირექტორად დარჩება. მისი სურვილია, ამ ექვს თვეში ისეთ წარმატებას მიაღწიოს, რომ ზაფხულში დირექტორად კი არ გადაიყვანონ, არამედ მწვრთნელად დატოვონ.