1 დეკემბერს მოსკოვში მომავალი საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება. ღონისძიება კრემლის იმ დარბაზში შედგება, სადაც უწინ კომპარტიის ყრილობები, საბალეტო წარმოდგენები და საახალწლო ნაძვის ხეები იმართებოდა, ხოლმე. ახლა, ცხადია, ყველაფერი სხვაგვარადაა, მაგრამ ის კომუნისტური „არომატი“ მაინც პოულობს ნაპრალებს.
წილისყრას ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად კი ტელეწამყვანი გარი ლინეკერი და რუსი ჟურნალიტი მარია კომანდნაია წარუძღვებიან. პატარა სახალისო შოუს იუმორისტი ივან ურგანტიც მოაწყობს.
წილისყრის პროცედურა ასეთი იქნება. 32 ნაკრები, ფიფას ოქტომბრის რეიტინგის მიხედვით, ოთხ რვადგუნდიან კალათში განთავსდება.
პირველი კალათა: რუსეთი, გერმანია, ბრაზილია, პორტუგალია, არგენტინა, ბელგია, პოლონეთი, საფრანგეთი
მეორე კალათა: ესპანეთი, პერუ, შვეიცარია, ინგლისი, კოლუმბია, მექსიკა, ურუგვაი, ხორვატია
მესამე კალათა: დანია, ისლანდია, კოსტა რიკა, შვედეთი, ტუნისი, ეგვიპტე, სენეგალი, ირანი
მეოთხე კალათა: სერბეთი, ნიგერია, ავსტრალია, იაპონია, მაროკო, პანამა, კორეა, საუდის არაბეთი
პირველ კალათაში შვიდი საუკეთესო რეიტინგის ნაკრებს მასპინძელი რუსეთი დაემატა. ბურთულებს კი რიგის მიხედვით ამოიღებენ – პირველიდან დაწყებული, მეოთხით დამთავრებული.
კალათებთან 8 ლეგენდარული ფეხბურთელი დადგება. შვიდი, იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატი მოუგიათ და ერთიც, მასპინძელი. რუსებიდან ეს 91 წლის ნიკიტა სიმონიანი იქნება. საფრანგეთიდან – ლორან ბლანი, ინგლისიდან – გორდონ ბენქსი, იტალიიდან – ფაბიო კანავარო, ბრაზილიიდან – კაფუ, არგენტინიდან – დიეგო მარადონა, ესპანეთიდან – კარლეს პუიოლი, ურუგვაიდან – დიეგო ფორლანი. ფორლანს მუნდიალი პირადად არ მოუგია, მაგრამ როგორც ორგზის მსოფლიო ჩემპიონის, ურუგვაის წარმომადგენელი, ისე მიიწვიეს.
ოფიციალურ სიმღერას ალსუ შეასრულებს. მეორე მუსიკალურ ნომერს საოპერო მომღერალი ილდარ აბდრაზაკოვი და ლარისა დოლინა წარმოადგენენ. იგორ მოისეევის სახელობის ანსანბლი კი ეროვნულ საცეკვაო ნომერს შემოგვთავაზებს.
ცოტა რამ წამყვანების შესახებ. გარი ლინეკერს, რომელსაც გუშინ შეუსრულდა 57 წელი, ალბათ საგნაგებო წარდგენა არ სჭირდება. ინგლისის ნაკრების შესანიშნავი შემტევი ამჟამად არანაკლებ წარმატებული ტელეწამყვანია. მისი ენაკვიმატობა ხომ საქვეყნოდაა ცნობილი.
ლინეკერი უკვე სამი დღეა მოსკოვშია და წილისყრის გუშინდელ რეპეტიციაზე თანაწამყვანი მარია კომანდნაია იმდენი უცინებია, გოგონა კინაღამ ცუდად გამხდარა. კომანდნაიას თითქმის ყველა რუსულ სპორტულ არხში აქვს ნამუშევარი. გუშინვე მას ირანელმა ჟურნალისტებმა „ინსტაგრამში“ მისწერეს, წილიყრისას ნამეტნავად სექსუალურად ნუ ჩაიცვამო. საქმე ის არის, რომ თუ კადრში ოდნავ შილიფად შემოსილი ქალბატონი გამოჩნდა, ირანის სახელმწიფო ტელევიზია მაშინვე წყვეტს რეპორტაჟს.
დაახლოებით ასეთი რამ წინა მუნდიალის წილისყრისას მოხდა, როცა ღონისძიებას ბრაზილიელი მოდელი და ტელეწამყვანი ფერნანდა ლიმა უძღვებოდა.
წილისყრის ცერემონიალი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება და მას საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში წარმოგიდგენთ.