მო სალაჰმა პრემიერლიგაში მე-100 გოლი გაიტანა. ეგვიპტელს საამისოდ გასაოცრად ცოტა დრო (2017-2021) დასჭირდა. ის გახდა „ლივერპულის“ მე-13 ფეხბურთელი ვინც ეს შეძლო.
საოცარია, რომ ეს საზეიმო ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც მერსისაიდელთა გუნდი კარგ ფორმაში არ იყო, დაცვაში უხეშად ცდებოდა. და მაინც, „ლივერპული“ მარტიდან მოყოლებული აგერ უკვე 16 მატჩია, რაც ინგლისის პირველობაზე არ დამარცხებულა.
„ბრენტფორდისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრა 3:3 დასრულდა. ეს იყო ნამდვილი ინგლისური ვნებათაღელვა, რომელშიც შეუპოვარი მოწინააღმდეგეები თამაშის ბედს წინ და უკან ატრიალებდნენ. ინგლისური პრესა წერს, რომ ასეთი სანახაობისათვის მადლობა უპირველეს ყოვლისა პრემიერლიგაში ახალდაბრუნებულ „ბრენტფორდს“ ეკუთვნის, რომელსაც მრისხანე მეტოქის არ შეეშინდა და ბრძოლა გაუმართა.
ვირჯილ ვან დაიკი მაღალი კლასის მცველია, რომელსაც იშვიათად ნახავთ შავ დღეში ჩავარდნილს, მაგრამ ამ შეხვედრაში მასპინძელმა აივან ტონიმ გვარიანად აწვალა.
თამაშის ბოლოს „ლივერპული“ 3:2-ს იგებდა, მაგრამ მოედანზე სულ რაღაც 4 წუთის შესულმა იოან ვისამ შეხვედრას წერტილი დაუსვა. ეს გოლი 82-ე წუთზე გავიდა.
თავიდან კი მასპინძლები დაწინაურდნენ — 27-ე წუთზე ეთან პინოკმა გახსნა ანგარიში. ოთხ წუთში დიოგო ჟოტამ გაქვითა, რის შემდეგაც, 54-ე წუთზე სალაჰმა გაიტანა ის გოლი, რომელზეც თავში გელაპარაკეთ. 63-ე წუთზე გერმანელმა ვიტალი იანელტმა ისევ გაათანაბრა, მაგრამ 67-ზე კერტის ჯონსმა კვლავ სტუმრები დააწინაურა. ამის შემდეგ კი მოხდა ის, რაზეც უკვე მოგახსენეთ.
უხვგოლიან შეხვედრაში სახიფათო მომენტების სიმრავლე იყო. ალბათ ამიტომაც თქვა „ლივერპულის“ მწვრთნელმა იურგენ კლოპმა პრეს-კონფერენციაზე:
„მოს კარგად ვიცნობ. დარწმუნებული ვარ, ის ხელიდან გაშვებულ ორ შესაძლებლობაზე უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე საიუბილეო გოლზე“.
6 ტურის შემდეგ მერსისაიდელები 14 ქულით ჯერჯერობით პირველ ადგილზე არიან. ამ ტურში მათი გადასწრება „ბრაიტონს“ შეუძლია, რომელიც ხვალ სტუმრად ეთამაშება „კრისტალ პალასს“.