დღეს, ჩვენი დროით 15 საათზე, ტოკიოში ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონია დაიწყება.
თუმცა სიტყვა „საზეიმო“ ცოტა არ იყოს, გადამეტებულადაც ჟღერს იმ ამბების გამო, რამაც მსოფლიოს მეორე წელია, განრიგი აურია.
მხოლოდ ეს ვთქვათ, რომ 68-ათასიან სტადიონზე ცერემონიას მხოლოდ 950 მაყურებელი ეყოლება და აბა, რა საზეიმოობაზეა ლაპარაკი.
ტოკიოში ჩასვლით არც მსოფლიო ლიდერებმა შეიწუხეს თავი, ერთი ეგ ვიცით, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა და შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ გარისკეს ჩასვლა.
და იაპონელები? ბოლო გამოკითხვით, კუნძულელებთა 55% თვლის, რომ ამ რეალობაში თამაშების მასპინძლობა სრულიად გაუმართლებელი რამაა და თუ რამეს შეუწყობს ხელს, მხოლოდ ვერაგი ვირუსების გავრცელებას.
და მაინც, სპორტის მოყვარულს, შეუძლებელია, ოლიმპიადის დაწყება არ გიხაროდეს!