კრიუგერი მარტო ფრედი არ ყოფილა, თურმე კატლინიცაა და „ბაიერნში” მუშაობს. ახლა კი უფრო დაწვრილებით:
რა ხელფასებს იხდის გერმანიის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ბაიერნი”? წამყვანი ფეხბურთელების ჯამაგირები ცნობილი და ეფექტურია: პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი წელიწადში 20 მილიონ ევროს იღებს და კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს; თომას მიულერის გასამრჯელო წელიწადში 17 მილიონ ევრომდეა, ხოლო მანუელ ნოიერისა 18 მილიონს უკაკუნებს.
მაგრამ, კლუბში მარტო ფეხბურთელები ხომ არ არიან? რამდენს იღებს პერსონალი?
პერსონალში ყველაზე გამორჩეული სწორედ ზემოთ ნახსენები ფრაუ კრიუგერია. სანამ მის ხელფას გაგანდობთ, იმას მოგახსენებთ, თუ რას აკეთებს ეს ქალბატონი. 35 წლის კატლინ კრიუგერი 2012 წლიდან გუნდის მენეჯერია ანუ ლოჯისტიკა და ყველა საორგანიზაციო საკითხი მას აბარია. სასტუმროს დაჯავშნა, ფრენის ორგანიზება, ავტობუსი და სხვა აურაცხელი მსხვილმანი თუ წვრილმანი. ამას დაუმატეთ ისიც, რომ კრიუგერთა გვარის სანიმუშო წარმომადგენელს WhatsApp-ის ჯგუფიც განპიროვნებული აქვს და თუკი „ბაიერნში” ვინმემ ვინმეს რამე უნდა შეატყობინოს, მის ხელში გადის.
ჰანს ფლიკი ამბობს, რომ კატლინ კრიუგერის გარეშე ბავარიელებს „ტრიპლის” მოპოვება გაუჭირდებოდათ. და აი, ამ „ფრაუ ტრიპლის” ჯამაგირი წელიწადში 200 000 ევროა, ოღონდ, ეს თანხა იქვითება.
რაც შეეხებათ დაბალი რანგის თანამშრომლებს, ისინი თვეში დაახლოებით 3 000 ევროს იღებენ, რაც ასევე იქვითება; გარდა ამისა, მათ შეუძლიათ საგანგებო ბარათით ძალიან შეღავათიანად იყიდონ „აუდი”, ხოლო დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, დირექტორებს და საბჭოს წევრებს მანქანა ემსახურება.
სამსახურში კვება ყველასთვის უფასოა. 71 წლის მზარეული ალფონს შუბეკი და მისი ასისტენტები კერძებს ბაზაზე, ცნობილ ზაბენერ შტრასეზე ამზადებენ, მაგრამ იმ თანამშრომლებს, რომლებიც პანდემიის გამო დახურულ „ალიანს არენაზე” მუშაობენ, შეუძლიათ თავიანთი ულუფა კლუბის ხარჯზე მოატანინონ კურიერს.