პრემიერლიგის ექიმები გაერთიანდნენ და კლუბების ხელმძღვანელებს წერილი მისწერეს, სეზონის განახლება სახიფათოაო.
ეს ძალიან გრძელი წერილი 100 პუნქტს შეიცავს. მასში ჩამოთვლილია შეკითხვები და პრობლემები. წერილის ადრესატები კლუბების ხელმძღვანელების გარდა არიან პრემიერლიგის სამედიცინო მრჩეველი მარკ ჯილეტი და ფეხბურთის დირექტორი რიჩარდ გერლიკი.
წერილს თავისი სტრუქტურა აქვს. ის ათ ნაწილად არის დაყოფილი. ათივე ნაწილი ეხება covid 19-თან დაკავშირებულ იმ ასპექტებს, რომელთაც ექიმების აზრით ჯეროვან ყურადღებას არ აქცევენ.
ექიმებს პრობლემებად მიაჩნიათ, რომ:
- დამტკიცდა ისეთი მითითებები, რომელთა შესრულება ჯერ კიდივ სახიფათოა ადამიანის სიცოცხლისთვის.
- ფეხბურთელების გარდა არ არის გათვალისწინებული მათი ოჯახის წევრების ტესტირება და დაზღვევა. დაზღვევა სჭირდებათ თავად ფეხბურთელებსაც.
- არ განხილულა მეკარის ხელთათმანებით ადამიანიდან ადამინაზე ოფლის და შესაბამისად ვირუსის გადაცემის საკითხი.
- გაჩნდა ეჭვი, რომ ზოგი კლუბი უკვე არღვევს მითითებებს.
- იზრდება აზიელი, შავკანიანი და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა რისკი.
- ნაკლებად არის გათვალისწინებული სასწრაფო დახმარების ბრიგადების მუდმივი დასწრება ვარჯეშებზე, რათა მათ, იქ შესაძლო ინციდენტებს დაუყოვნებლივ მიხედონ.
„ტოტენჰემ ჰოთსპური” და „არსენალი” უკვე შეუდგნენ ვარჯიშს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ბოსები შეწყვეტილი ჩემპიონატის განახლებას 12 ივნისს აპირებენ. ცხადია, თამაშებს წინ ვარჯიშები უნდა უძღოდეს და საამისოდ 18 მაისი აქვთ დათქმული. იქამდე, დაახლოებით ორი კვირაა, მაგრამ ექიმების წერილმა შეიძლება თავისი კორექტივები შეიტანოს.
მოგეხსენებათ, ევროპული ქვეყნებიდან ყველაზე მოწადინებული გერმანიაა, მაგრამ მათაც მოუხდათ თამაშების ერთი კვირით გადაწევა.
ვარჯიშს კი ბუნდესლიგისა და მეორე ბუნდესლიგის კლუბები უკვე შეუდგნენ. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ტესტირებამ კლუბების ზოგ წარმომადგენელს კორონავირუსი აღმოუჩინა.
ინგლისში თამაშები ნეიტრალურ, უმაყურებლო სტადიონებზე გაიმართება.
ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის შეფი გორდონ ტეილორი კი კოლეგებს თამაშების ხანგრძლივობის შემცირებას სთავაზობს. მისი აზრით ტაიმი 45 წუთზე ნაკლები უნდა გახდეს.