დასრულდა ჯანო ანანიძის 13-წლიანი ეპოპეა მოსკოვის „სპარტაკში“. 2007 წელს კლუბის საფეხბურთო სკოლაში მისულს 2009-ში უკვე ძირითად გუნდში ჰქონდა დებიუტი. წლების მანძილზე რა არ გამოიარა – გაღმერთებაც და მძაფრი კრიტიკაც. იმის მიუხედავად, რომ ევროპულ შემოთავაზებებზე უარი თქვა და კლუბს უერთგულა, ბოლოს „ყველაზე მსხვრევად სპარტაკელად“ შერაცხულ ქართველზე გული აიცრუეს.
მიზეზი ტრავმები იყო, მაგრამ ვაღიაროთ, რომ 10 წლის განმავლობაში სულ 146 მატჩში მონაწილეობა ნამდვილად ცოტაა. მოსკოველებმა ჯანო ჯერ „კრილია სოვეტოვში“ გაანათხოვრეს (6 მატჩი, 1 გოლი, 1 საგოლე პასი), ახლა კი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაუწყვიტეს.
საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველს გარკვეული შეთავაზებები ევროპისკენაც აქვს, მაგრამ გაცილებით რეალური რუსულივე „ტამბოვის“ ვარიანტია – მათი წინადადება ფინანსურად მეტისმეტად მაცდურია. დიდი ალბათობით, ჯანო ტამბოვწლი მგლების მეგობარი გახდება.
„ჯანოს მშვენივრად ესმის, რომ შექმნილ ვითარებაში საკმარისი სათამაშო პრაქტიკა „სპარტაკში“ არ ექნება. არადა, საქართველოს ნაკრებს გაზაფხულზე უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის ერთა ლიგაში – ჯერ ნახევარფინალი ბელარუსთან და თუ ყველაფერი კარგად იქნა, მერე ფინალიც. ეს ჯანოსთვის უდიდესი მოტივაციაა, რადგან საქართველო დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა,” – განაცხადა ანანიძის აგენტმა თემურ ლეპსაიამ.