პეპ გვარდიოლამ ლივერპულელ სადიო მანეზე თქვა „მყვინთავი” არისო, რაზეც კოლეგას იურგენ კლოპმა უპასუხა. თავის მხრივ, მერსისაიდელთა გერმანელმა თავკაცმა „მანჩესტერ სიტი” ტაქტიკურ ფოლებში დაადანაშაულა.
„ის ხანდახან ყვინთავს”, — ასე თქვა მანეს შესახებ „ქალაქელების” კატალონიელმა მწვრთნელმა შაბათს, მას მერე რაც „ლივერპულმა” ბირმინგემში „ასტონ ვილას” 2:1 მოუგო.
კონკურენტი გუნდის ფეხბურთელზე კრიტიკულად ლაპარაკი გამოწვევას ჰგავდა, მითუფრო, რომ ახლა კვირას, 10 ნოემბერს, საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე, „ლივერპული” და „მანჩესტერ სიტი” „ენფილდ როუდზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
გვარდიოლას პასუხად კლოპმა ასე ბრძანა: „სადიო „მყვინთავი” არ არის. „ასტონ ვილასთან” შეხვედრაში იყო მომენტი, როდესაც მას შეეხენ და ის დავარდა. შესაძლოა პენალტი არც უნდა დანიშნულიყო, მაგრამ კონტაქტი იყო. ეს ის შემთხვევა არ გახლდათ, მეტოქის ფეხს რომ გადაახტებიან და გაწვებიან ხოლმე.
დარწმუნებული ვარ, ასეთი ეპიზოდი „მანჩესტერ სიტის” რომ ჰქონოდა, ისინი პენალტს მოითხოვდნენ და იტყოდნენ, რომ მათ ფეხბურთელს მოწინააღმდეგემ საჯარიმოში ხელი ჰკრა”.
შემდეგ კლოპმა თქვა სიტყვათა ომი არ მიყვარსო, მაგრამ „სიტის” გაკენწვლა ტაქტიკური ფოლების გამო მაინც მოახერხა:
„ვფიქრობ, ცეცხლზე ნავთის დასხმა აღარ არის საჭირო. ასეთი რაღაცები არ მიყვარს. პირობას ვდებ, „სიტის” ტაქტიკურ ფოლებზე არაფერს ვიტყვი”.
27 წლის სადიო მანემ ამ სეზონში „ლესტერსა” და „ტოტენჰემთან” თავის გუნდს გადამწყვეტი პენალტები მოუნადირა.
და ისევ კლოპი: „მართალი გითხრათ, ბოლომდე ვერც კი დავიჯერე, რომ პეპმა მართლა თქვა ასეთი რამ. სხვის გუნდზე ლაპარაკი მთლად ლამაზი საქციელი არ არის”.