ჩემპიონთა ლიგა პეტერბურგში მიდის

Home კატეგორიის გარეშე ჩემპიონთა ლიგა პეტერბურგში მიდის
ჩემპიონთა ლიგა პეტერბურგში მიდის

სლოვენიურ ლუბლიანაში შეკრებილმა უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ 2021 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს რუსეთის სანკტ-პეტერბურგმა უმასპინძლოს.

რუსთა ჩრდილოეთის დედაქალაქს და მის მთავარ სტადიონს, 65-ათასიან „კრესტოვსკის“ ერთადერთ კონკურენტად მიუნხენის „ალიანც არენა“ ჰყავდა. გერმანელებს გული არ დასწყვიტეს და 2022 წლის ფინალის მასპინძლობა დაუბევეს, 2023 წელს კი ევროპის უმთავრესი ტურნირის გადამწყვეტ მატჩს ლონდონის 90-ათასიანი „უემბლი“ უმასპინძლებს.

ისე, „ალიანც არენა“ და „უემბლი“ ფინალის მასპინძლობის უფლებას 10-10 წლიანი ინტერვალის შემდეგ მიიღებენ. მათ ლიგის ფინალებს, შესაბამისად, 2012 და 2013 წელს უმასპინძლეს. რაც შეეხებათ რუსეთს, აქ 11 წლის წინ მოსკოვურ „ლუჟნიკზე“ „მანჩესტერის“ და „ჩელსის“ დრამატული ფინალი შედგა.

ახლა მეზობლების უთანამედროვესი არენა სწორედ პეტერბურგის „კრესტოვსკია“, რომელზეც 2020 წლის ევროპირველობის ჯგუფური ეტაპის ოთხი და ერთიც მეოთხედფინალური მატჩი გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ლიგის ფინალის სტამბოლში გამართვა კარგა ხნის გადაწყვეტილი ამბავია.

სხვათა შორის, უეფას აღმასკომმა, ამავე სხდომაზე ევროპის ლიგის 2021 წლის ფინალის მასპინძლობა თბილისის „დინამო არენას“ ნაცვლად სევილიურ „სანჩეს პისხუანს“ უბოძა.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.