თბილისის სპორტის სასახლეში გახურდა საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მორიგი წრე. ამჯერად თავი მოიყარა შეჯიბრების მონაწილე ყველა გუნდმა, რომლებიც აქამდე პირობითად დასავლეთის და აღმოსავლეთის ზონებად იყვნენ დაყოფილი.
თუმცა, მე-11 ტურის მთავარი ამბავი ესა თუ ის შედეგი ან სათამაშო წვრილმან-მსხვილმანი კი არა, საქართველოს ნაკრების მარჯვენა ინსაიდის რატი მსხვილიძის უცხოეთიდან საქართველოს საკლუბო ხელბურთში, კერძოდ კი საქართველოს ჩემპიონ ბათუმის BSB-ში დაბრუნება გახლდათ. მსხვილიძემ საქართველოს ჩემპიონატში ბოლოს 2013 წელს, ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში ითამაშა. შემდეგ მის კარიერაში იყო „ტრაბზონსფორი” (თურქეთი), „სტიარნანი” (ისლანდია), „მეტალოპლასტიკა” (სერბეთი), „შაჰრდარი თავრიზი” (ირანი), „ურმია” (ირანი) და „ეუროფარმ რაბოტნიკი” (მაკედონია).
მსხვილიძით გაძლიერებულმა BSB-მ ამჯერად დაამარცხა „გორი” 50:30. სხვა შეხვედრები ასე დასრულდა: „პრომეთე”(წყალტუბო) – „იმედი სტუ” (თელავი) 39:24; „ქუთაისი” – „სპორტუნი” 60:30; „პეგასი” – „სამტრედია” 39:29.