მართალია, რომ კრიშტიანუ რონალდუ ზაფხულში კინაღამ „მილანის” ფეხბურთელი გახდა? მასიმილიანო მირაბელის მტკიცებით, სწორედაც ასე იყო. მირაბელი კი ივლისამდე მილანელთა სპორტული დირექტორი გახლდათ. მან „ტელელომბარდიასთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა:
„რონალდუსთან და მადრიდის „რეალთან” ყველაფერი მოგვარებული იყო, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ის „მილანმა” ჩაშალა. ბოლო წამს კლუბმა მითხრა, რომ პორტუგალიელის გადმოსაყვანად ფული არ ჰყოფნიდა”.
შესაბამისად, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა თავი „იუვენტუსში” ამოჰყო. ტურინელებმა მასში 117 მილიონი ევრო გადაიხადეს და ფეხბურთელს ჯამაგირად წელიწადში 31 მილიონი ევრო დაუნიშნეს.
საინტერესოა, რომ „კორიერე დელო სპორტის” ცნობით რონალდუს აგენტმა ჟორჟი მენდისმა თავისი კლიენტი „ნაპოლისაც” კი შესთავაზა, მაგრამ ნეაპოლელებს ამდენი ფული არ აღმოაჩნდათ.