იტალიურ მედიაში გავრცელდა ხმა, რომ ანტონიო კონტე 9,5 მილიონ გირვანქაზე უარის თქმას დაყაბულდა, ვინაიდან მისი სამსახურში აყვანა არც მეტი-არც ნაკლები „რეალს” უნდა. 49 წლის კონტე მადრიდში ხულენ ლოპეტეგის შემცვლელად შეუგულებიათ — მოგეხსენებათ ლოპეტეგის ხელში „თეთრების” საქმე ცუდად მიდის.
ახლა იმის შესახებ, თუ რა 9,5 მილიონ გირვანქაზეა ლაპარაკი: კონტე „ჩელსის” თავკაცი იყო, რომელსაც დასავლეთ ლონდონელებმა ზაფხულზე კონტრაქტი გაუწყვიტეს და ვალდებულები გახდნენ მისთვის კომპენსაცია გადაეხადათ. თუმცა, არის ერთი ნიუანსი — თუკი იტალიელი რომელიმე კლუბში მალევე მოეწყობოდა სამუშაოდ („მალე” რას ნიშნავს ცხადია კონტრაქტში ზუსტად იქნებოდა ჩაწერილი), „ლურჯებს” ფული აღარ დაეხარჯებოდათ. ანუ, 9,5 მილიონი ფაქტობრივად უმუშევრის „შემწეობა” უნდა ყოფილიყო.
მაგრამ, როგორც ირკვევა „იუვენტუსის”, იტალიის ნაკრებისა და „ჩელსის” ყოფილი თავკაცი უმუშევარი არ რჩება — „რეალი” მას სადაცაა მოლაპარაკების მაგიდაზე დაისვამს. ლოპეტეგის საქმე კი მადრიდში ცუდადაა და თუ ის კვირას, 28 ოქტომბერს, „ელ კლასიკოში” დამარცხდება, ორშაბათს შეიძლება სამსახურის გარეშე დარჩეს. „რეალი” „ლა ლიგაში” 9 ტურის შემდეგ მე-7 ადგილზეა.
ინგლისური წყაროები კი წერენ, რომ კონტესთან მოლაპარაკების ჩაშლის შემთხვევაში „რეალს” სათადარიგო ვარიანტად მაურიციო პიჩეტინიო ჰყავს შეგულებული. მეორე მხრივ საკითხავია, შეელევა კი პოჩეტინიო „ტოტენჰემ ჰოთსპურს”, სადაც ახლა მუშაობს.