„არსენალისა” და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდამ ტიერი ანრიმ ბელგიის ნაკრების ასისტენტი მწვრთნელის პოსტი დატოვა და თავისი სიყრმის კლუბს, „მონაკოს” ჩაუდგა სათავეში.
ანრის „მინაკოში” დანიშვნა მას მერე გახდა შესაძლებელი, რაც საგრაფოს კლუბმა კვირის დასაწყისში ლეონარდო ჟარდემი გაათავისუფლა თანამდებობიდან.
41 წლის ლეგენდარული თავდამსხმელი დღეს დილით გაფრინდა მონტე კარლოში, სადაც სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა კლუბთან, სადაც ყმაწვილკაცობაში 6 წელიწადი გაატარა. მას თან ახლავს „არსენალის” ერთ-ერთი მწვრთნელთაგანი, პატრიკ კვამე ამპადუ, „ჩელსის” ჭაბუკი ცენტრალური მცველის იტენ ამპადუს მამა.
„მონაკოში” ტიერი ანრის აგრეთვე „ბენფიკას” 23 წლამდელთა გუნდის მწვრთნელი ჟოაო კარლოს ვალდაო ტრალიაუ დაეხმარება.
ანრიმ თქვა: „უპირველეს ყოვლისა მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „მონაკოს”, რომელმაც ასეთი შესაძლებლობა მომცა. ეს კლუბი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ბედნიერი ვარ მონაკოში რომ დავბრუნდი და მოუთმენლად ველოდები ახალ გამოწვევებს”.
ტიერი ანრი „მონაკოს” მაისურით 1996-97 წლების სეზონში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. ამ გუნდის შემადგენლობაში მას 105 შეხვედრაში 20 გოლი აქვს გატანილი.