დღეს, ჩვენს დროში, მას არავინ აღირსებდა საკრივო ლიცენზიას. არც ერთი ქვეყნის არც ერთი ათლეტთა კომისია არ დაუსვამდა ბეჭედს მის მოკრივეობას. თუ ამგვარი ბეჭედი ადრეღა ჰქონდა დასმული, სასწრაფოდ გააუქმებდა.
ეს ისტორია ძველისძველია და, ალბათ, არსად და არასდროს მოიძებნება მოკრივე მისი მაგივრობა რომ გასწიოს. უბრალოდ, ასეთი აღარ დაიბადება…
მილუოკელი შურისმაძიებელი
იყო დრო და მილუოკიში ცხოვრობდა მძიმეწონოსანი მოკრივე იანგ მაჰონი. ჩვეულებრივი მოკრივე იყო, დიდი არაფერი. გამოირჩეოდა იმით, რომ იტალიელები ეჯავრებოდა, რადგან ბიჭობაში მავანი იტალიელის შეგირდად იყო ნამყოფი და იმისგან არაერთი წიხლი და სილაქი ახსოვდა. მაჰონის გულს დაშთენოდა ბოღმა სამსახურიდან გამოგდებული პატარა ბიჭისა და უკვე იღბალწვეულს მთელი მილუოკის გასაგონად გამოეცხადებინა – საკრივო ფიცარნაგზე შევხვდები მხოლოდ და მხოლოდ იტალიელებს, მათ თავ-პირს დავალეწ და გულბოროტი თანამემამულის სიავეს ვაზღვევინებო.
გრიმი
ის, რომ ქვეყნად არსებობდა იანგ მაჰონი, დასაბამს აძლევს ჩვენს მოგონებას და მეტს არაფერს. ახალი, 1906 წლის მეორე დღეს მილუოკიში ჩავიდა იმ დროის ყველაზე მეტად ცნობილი და სახელგავარდნილი იტალიელი მოკრივე ჯო გრიმი.
ჯო გრიმი გახლდათ თვითმარქვია “იტალიის ჩემპიონი”, სინამდვილეში მას სავერიო ჯანონე ერქვა. იტალიის ჩემპიონობა ამ კაცის მიერ მოგონილი წოდება იყო, რადგან ხსენებული ჯო, ანუ სავერიო, ცხრა წლისა იყო, როცა 1880 წელს მშობლებთან ერთად დატოვა სამშობლო და გემით გამოსცურა ნიუ იორკისკენ, რათა ამერიკელ იტალიელად ქცეულიყო. ამის შემდეგ სავერიო ჯანონე იტალიაში არ ყოფილა და “იტალიის ჩემპიონი” როგორღა გახდებოდა?
ჯო გრიმი ფილადელფიაში ცხოვრობდა. სწორედ ამ ძველ საკრივო ქალაქში შეიქნა იგი პროფესიონალ მოკრივედ. 17 წლის სავერიო საკრივო დარბაზის კიდეში იჯდა დაბალ, უზურგო სკამზე და ვიღაცას ფეხსაცმელებს უპრიალებდა ვაქსით, როცა რომელიღაც მენეჯერის ხმა მოსწვდა, მოკრივე შეუძლოდ შეიქნა და ნებისმიერ მსურველს რინგზე ვიწვევთ, თანც დოლარნახევარსაც ჩავუთვლითო. ასე გახდა ჯაგრისის ოსტატი მოკრივე.
ჩვენი ამბავიც სწორედ მის შესახებაა.
ის დაახლოებით 145 გირვანქას იწონიდა და მოწინააღმდეგის წონას არას დაგიდევდათ – თავისი წონიდან უმძიმესის ჩათვლით, ყველას ხვდებოდა. აჰ, რამდენ მოქმედ, ან მომავალ ჩემპიონთან უჩხუბია ჯო გრიმს! უშიშობა ამ კაცისა საარაკო იყო. გამძლეობა ამ კაცისა – დაუჯერებელი!
მაგრამ იცით, რას ეძახდნენ ჯო გრიმს ამერიკელი ჟურნალისტები? “მსოფლიოს ყველაზე გამძლე ცოცხალ ტომარას”.
საკვირველიც სწორედ ის იყო, რომ რინგზე გამოსულ ჯო გრიმს არანაირი საკრივო ხიბლი არ გააჩნდა. ის სანახევროდაც ვერ ფლობდა სულ უბრალო საკრივო ილეთებსაც კი. ამიტომ, გრიმი აგებდა. ის ყოველთვის დამარცხებული იყო, მაგრამ… მაგრამ სწორედ ეს იყო საოცარი, რომ თითოეული ბრძოლის დროს გრიმი იმდენ დარტყმას უძლებდა, სხვას რომ მთელი კარიერის განმავლობაში ეყოფოდა. სხვა კარგახნის მკვდარი იქნებოდა, ჯო გრიმი კი წაიქცეოდა, ადგებოდა, წაიქცეოდა – ადგებოდა. ვერავინ მოახერხა ამ კაცის ნოკაუტით დაგდება.
ჯო გრიმს დევიზიც შესაბამისი ჰქონდა:
“მე რკინის კაცი ვარ! მე არავისი მეშინია! მე ვერავინ წამაქცევს ისე, რომ ვეღარ წამოვდგე!”
იტალიური დროშა ამაყად ფრიალებდა – ჯო გრიმი კრივის არსს ცვლიდა. ის გამარჯვებულად თვლიდა თავს.
“ძნელია კაცმა უფრო დიდი იდიოტობა წარმოიდგინოს”, – უკვირდათ საკრივო მწერლებს – “უბირი კაცისთვის ძნელი წარმოსადგენია, თუ რატომ აძლევენ ამ სულელ ბიჭს რინზე დგომის უფლებას”?.
ჯო გრიმი კი რინგზე იდგა. ვინ დაუშლიდა ჩხუბს? ეს იტალიელი ხომ წარმოდგენას ქმნიდა?
საქმენი საგმირონი
ასეთი საკრივო სანახაობა მართლაც რომ წარმოუდგენელი იყო. ჯო გრიმი ძრწოლვისმომგვრელად ირჯებოდა. ადამიანებს გრძნობათა ჭიდილი აბნევდა.
გავიხსენოთ 1905 წლის 24 ივლისი, როცა ჯო გრიმი შეხვდა მძიმე წონის მომავალ მსოფლიო ჩემპიონს ჯეკ ჯონსონს. ჯეკი 220 გირვანქას იწონიდა, იტალიელი მხოლოდ 144-ს. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ამ ექვსრაუნდიან ორთაბრძოლაში ჯო გრიმი ოცდაექსჯერ ჩავარდა ნოკდაუნში, არემარე კი მისი ცხვირ-პირიდან გამომდინარე სისხლით იყო მორწყული.
მასაჩუსეტსის ერთ-ერთმა გაზეთმა კი დაწერა: “მსოფლიოს არასოდეს უნახავს ასეთი კრივი. დამარცხებული გამარჯვებას ზეიმობდა. ეს არ იყო საკრივო ორთაბრძოლა. ჩვენ ვიხილეთ საყასბოში შედენილი პირუტყვი, რომელსაც ყასბებმა ბევრი ვერაფერი დააკლეს”.
სირთულე ის იყო, რომ გრიმი ყოველი ასეთი ბრძოლის შემდეგ სიცილით აღმართავდა ხოლმე იტალიის დროშას და გამარჯვებულის დავლურსაც დაუვლიდა ხოლმე. მისი მოწინააღმდეგენი კი დაღვრემილნი და ილაჯგაწყვეტილნი იდგნენ თავიანთ კუთხეში. მათ გონებას ერთადერთი ფიქრი ხრავდა – როგორ ვერ მოიგეს ნოკაუტით?
იმ 24 ივლისსაც ასე იყო. გამხეცებულმა ჯონსონმა რინგიდანვე დაუყვირა საკრივო რეპორტიორ ბობ იდგრენს: “ეს ადამიანი არ არის!”
ჯონსონის არაადამიანური მუშტი რომ წამოაქცევდა ხოლმე ჯო გრიმს, ხალხი მღერას იწყებდა: “წამოდექი ჯო, ოო, წამოდექი ჯო…” და ისიც, გაღიმებული, თითქოს დალაქის სავარძლიდან დგებაო, წამოიმართებოდა და თათმანიანი მუშტებით თმის სწორებას მოჰყვებოდა.
როდესაც უკანასკნელი რაუნდის მაუწყებელი გონგი გაისმა, გრიმი ჯონს მიუახლოვდა და უთხრა:
“ჯო გრიმი ისევ აქაა, შენ ნოკაუტს ვერ მოახერხებ!”
გრიმი ათჯერ წაიქცა ამ უკანასკნელ რაუნდში, და ათჯერვე ადგა. ჯონსონს ცხრა პირი ოფლი გადასკდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
ან კი რა უნდა გამოსვლოდა.
იმ დროის კოშმარად აღიარებული “ბარბადოსელ დემონად” წოდებული უოლკოტი, რომელიც ჯექსონამდე ორი წლით ადრე შეხვდა გრიმს, ასეთ რამეს ჰყვებოდა: “ისეთი ვაჯახე მუცელში, რომ წესით ხელთათმანი შიგ უნდა შემრჩენოდა, მაგრამ ის წამოდგა”. უოლკოტთან შეხვედრიდან სამი თვის შემდეგ გრიმი ფიცსიმონსს შეხვდა – ლეგენდარულ ჩემპიონს. ფიცსის მუშტმა, თავის დროზე თვით ჯეიმს კორბეტი დაასამარა, მაგრამ დიდმა ირლანდიელმა სულ ტყუილად იწვალა ექვსი რაუნდის განმავლობაში. “ჩემი ყოველი დარტყმა სანოკაუტო იყო, მაგრამ ის სიცილით წამოდგებოდა ხოლმე”, – უკვირდა ფიცსს.
ფიცსი ძველი მჭედელი იყო. მან თქვა, რომ გრიმის ცემისას მუშტები ატკივდა და გულში შიში ჩაუდგა.
საკვირველი არ იყო?
ვერც ერთმა ჩემპიონმა ვერ წააქცია გრიმი, კაცი, რომელსაც კრივისა ბევრი არაფერი გაეგებოდა.
ექიმთა აზრი
ამისთნა კაცის არსებობა ექიმ-ანატომთა ინტერესსაც შობდა. ჯო გრიმს კი მთელი საკრივო ამერიკის გადარევა გადაეწყვიტა. ერთხელ ნამდვილ საყასბოში მივიდა და იქაურ მუშას სთხოვა, პირუტყვის გასაბრუებელი ურო დამცხე, მაინტერესებს, დამანოკაუტებს თუ არაო. ვერ დაანოკაუტა. იქაც წამოდგა, სწორედ ამის შემდეგ შემოიღო წესად ყოველი საკრივო ორთაბრძოლის შემდეგ რინგზე ბეისბოლის კეტის ამოტანა. ამ კეტს გრიმი მოიქნევდა, ცხვირ-პირში დაიკრავდა და შესძახებდა: “ჯო გრიმს ვერავინ წააქცევს!”
ძნელი არ არის ჩამოთვლა იმ ხალხისა, ვისაც გრიმის განადგურების სურვილი ჰკლავდა. ასეთი ბევრი იყო – სულ სხვადასხვა წონისა. დიქსი კიდიდან, პიტერ მაჰერამდე. ეს უკანასკნელი, ირლანდიის მძიმეწონოსანი ჩემპიონი, აქვითინდა კიდეც, როდესაც თავპირდასისხლიანებულმა გრიმმა ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
ექიმები კი გრიმის გამოკვლევას ცდილობდნენ. ერთ-ერთი ამათგანი ნიუ იორკელი დასტაქარი ჯეიემ კრემერი იყო, რომელმაც 1904 წელს წერილების სერია გამოაქვეყნა ჯო გრიმის ფიზიკური აგებულების შესახებ. ამ წერილებში კრემერი აცხადებდა, რომ გრიმის ორგანიზმში არანაირი საიდუმლო არ არის დანთქმული, ნეკნი, ყბა, პრესი, ცხვირი, სრულიად ჩვეულებრივი აქვს. ოღონდ…
“კაცს რომ ყბაში ურტყამენ, ეს დარტყმა ტვინს ადუნებს. რატომ? იმიტომ, რომ ტვინში ნერვების დაბოლოებები იყრის თავს. ჯო გრიმს არა აქვს ნერვები. ამიტომაც, მისი ნოკაუტი წარმოუდგენელია”. – ამტკიცებდა კრემერი.
კრემერის თეორია მთელს ორ წელიწადს ცოცხლობდა.
ჯო გრიმის ამერიკის ქალაქებში დაიარებოდა და იტალიის დროშა დაჰქონდა. ყველგან გამარჯვებული იყო და ყველგან იტალიის დროშას აფრიალებდა. ასე ჩანდა, რომ ამ კაცს ვერავინ და ვერაფერი დაამარცხებდა. უფრო სწორად, რაც გრიმის დამარცხებად ჩაითვლებოდა, იმას ვერავინ ახერხებდა. დადიოდა და ყვიროდა: “მე ისევ ცოცხალი ვარ! მე ყოველთვის წამოვდგები!”
მარცხი და მსოფლიო
ეს დღეც დადგა. დაინგრა ლეგენდა, თუმცა…
ამბავი ბრუკლინში მოხდა: რკინის კაცი, რეზინის კაცი, აგურის კაცი – ჯო გრიმი წაიქცა და ვეღარ ადგა. ეს იყო 1906 წლის 21 მაისს. გრიმის მოწინააღმდეგე კი გახლდათ კაცი ვინმე, არცთუ პირველხარისხოვანი მოკრივე, რომელსაც მეზღვაურ ბურკს ეძახდნენ.
სწორედ მეზღვაური ბურკი გამოდგა ის მოკრივე, ჯო გრიმი რომ ნოკაუტში ჩააგდო. პირველად და უკანასკნელად თავის კარიერაში გრიმი “ათის” დათვლის შემდეგ ფეხზე არ იდგა და არ იცინოდა. დარბაზი გარინდული შეეგება ამ ამბავს. ჯო გრიმის ლეგენდა დაიმსხვრა. ვერავინ მიხვდა, რა მოხდა, რატომ და როგორ. ვიღაც მეზღვაურმა ჯო დასცა, ჯო კი ვეღარ ადგა. “დაიმსხვრა იდიოტური რეკორდი ჯო გრიმისა”, – გაეხარდათ გაზეთებს, მაგრამ ჯომ იოლად აუღო ალღო შექმნილ ვითარებას და განაცხადა, ნოკაუტი უფრო ჩემი ბრალი იყო, ვიდრე ბურკის დამსხურება და ამიტომაც, მეზღვაურს რემატჩში ვიწვევო.
რემატჩი დიახაც რომ შედგა და ბურკმა ნოკაუტი ვერ მოახერხა. ასე რომ, ჯომ თავისი ნათქვამი გაამართლა. თუმცა, ის ერთი ნოკაუტი მაინც სამუდამოდ შთაიბეჭდა ხალხის მეხსიერებაში და ლეგენდა ჯო გრიმის უცნაური ანატომიისა, გაქარწყლდა. ამას თავისი მუშტებით ჯიმ ბერიც დაეხმარა, რომელმაც ერთ გრძელ ბრძოლაში ასჯერ დაცა იატაკზე გრიმი და ყბაც გაუტეხა.
ასე დამთავრდა ამერიკისთვის ქვისგან ნათალი ჯო გრიმი, მაგრამ განა ამერიკა მთელი მსოფლიოა? გრიმის მენეჯერებმა მსოფლიო ტურნე წამოიწყეს – “დაუნგრეველი არსება დედამიწის გარშემო”.
ცხოვრება
და ჯო გრიმი დადიოდა. ქალაქიდან ქალაქში, ქვეყნიდან ქვეყანაში, კონტინენტიდან კონტინენტზე. ხვდებოდა ნებისმიერი ზომისა და წონის მოკრივეებს. ხან კანადაში იყო, ხან ბრაზილიაში, ხან კიდევ ჰოლანდიაში ან ავსტრალიაში. მსოფლიო კრივის ისტორიას შემორჩა ცნობა იმის თაობაზედ, რომ ამ მოგზაურობის დროს ჯო გრიმი ოცრაუნდიან ბრძოლაში შეება მოლი ჯექსონს კუნძულ ტასმანიის ჩემპიონობისთვის. ბეისბოლის კეტის თავში ცემაც ძველებურად გრძელდებოდა.
ჯო გრიმის საკრივო კარიერამ გასტანა ბარე თხუთმეტ წელიწადს. ამ თხუთმეტ წელიწადში მან ოთხასზე მეტი ბრძოლა გამართა და თითქმის ამდენივე წააგო. თუმცა, გრიმი წაგებულად თვლიდა ერთადერთ ბრძოლას – მეზღვაურ ბურკის წინააღმდეგ, დანარჩენი კი თავის მოგებულად მიაჩნდა.
ამ კაცს თავისი კრივი და თავისი არშინი ჰქონდა.
ექიმები კი კვლავ მისი ტვინის თავისებურებებს იკვლედნენ. წესით, თავი გამოლაყებული უნდა ჰქონდესო. საუკუნის ათიან წლებში უკვე ლაპარაკოდნენ კიდეც, მისი ბროძლების ყურება საშინელებაა, რადგან ეს არ არის კრივი, ეს არის ერთი კაცის მიერ მეორის ცემა, დასისხლიანება და ჩაგვრა, რაც სპორტულ პრინციპს არღვევსო.
ჯო გრიმი, ანუ სავერიო ჯონონე კრივს 1913 წელს გამოეთხოვა და პენსილვანიაში მოეწყო რომელიღაც ქარხნის დარაჯად. პირველი მსოფლიო ომის დროს ნიუ იორკის ნავსადგურში მუშაობდა, არსებობს ორიოდ ცნობა, რომ კიდევ გადიოდა რინგზე, თუმცა ამის ნაღდი დასტური მიუკვლეველია.
ჯო გრიმს სიმდიდრე არ უშოვნია რინგზე დგომით. იმაში, რომ ნოკაუტი არ მიეღო, უფრო ხშირად ათ-თორმეტ დოლარს უხდიდნენ. მისი თავგამოდება ამიტომ უფრო იყო საკვირველი, ყველაზე დიდი შენაძენი, თავისი ცხოვრების განმავლობაში რომ მოახერხა ჯო გრიმმა, რძით სავაჭრო ფარდული იყო. ფარდული ჯოსა და მის ცოლს ეკუთვნოდათ და მის კედლებზე ძველი გაზეთების ამონაჭრები იყო გაკრული. 20-იან წლებში უკვე აღარავის ახსოვდა ჯო გრიმი, უცნაური მოკრივე, რომელსაც ღმერთმა იცის, რაში სჭირდებოდა რინგზე დგომა.
ოთხმოციან წლებში მისნაირად ერთი-ორჯერ მოქცეულა დიდი ჯეკ ლამოტა, მაგრამ ჯო აღარ მოსწრებია ამ ამბავს. რადგან 1939 წლის 19 აგვისტოს გარდაიცვალა ფილადელფიაში, დაბადებიდან 58 წლისა.
დასასრული
ჰარი ლენი ერთი უსწავლელი, კოლეჯგამოუვლელი კაცი იყო, მაგრამ კრივის ავან-ჩავანი გაეგებოდა. ცამეტი წლის განმავლობაში ჰარი ლენი ჯო გრიმის მწვრთნელი იყო. რად უნდოდა გრიმს მწვრთნელი? მწვრთნელი ძალიანაც უნდოდა, მაგრამ ახლა ეს როდია მთავარი.
ჰარი ლენი კი ჰყვებოდა: “დიდ ჩემპიონებს, ბევრ სახელოვან მოკრივეს წაჰყვა თან იმის დარდი, რომ ჯოს ნოკაუტი ვერ მოუხერხა. მე თითქმის ყოველდღე ვუყურებდი, როგორ ირტყამდა ეს კაცი თავში კეტსა და უროს. მის სხეულში რაღაც უცნაურობა იყო დანთქმული. როდესაც ტანზე ზეთს ვუსვამდი ხოლმე, ის ძალიან მალე შრებოდა. ასეთი რამ არსად მინახავს. რატომ ჩხუბობდა? მე ვფიქრობ, რომ მას მოსწონდა, რომ ვერავინ ამარცხებდა ბოლომდე”.
თუმცა, აქ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მილუოკელ იანგ მაჰონს, სულაც არ ჰქონდა ჯო გრიმის ნოკაუტში ჩაგდების სურვილი. მისთვის გრიმი მორიგი პირშავი იტალიელი იყო, რომელიც იოლად დაამარცხა. იმ ზამთარს, 1906 წელს, მილუოკიში იანგ მაჰონის და ჯო გრიმის ბრძოლის შემდეგ ორივე მოკრივე გამარჯვებულად თვლიდა თავს.
25.07.1998