რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მძლეოსნობაში, იამაიკელმა უსაინ ბოლტმა საფეხბურთო მოედანზე პირველი ოფიციალური ვარჯიში ჩაატარა. ამიერიდან ბოლტი ავსტრალიური კლუბის „სენტრალ კოსტ მარინერსის“ წევრია. აგვისტოს დასაწყისში გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ბოლტი ამ კლუბში ივარჯიშებს, თუმცა ოფიციალურ მატჩებში მის მონაწილოებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. თავად უსაინ ბოლტი ამბობს, რომ მისი ოცნება „მანჩესტერში“ თამაშია.
„პირველად მომეცა საშუალება პროფესიონალი ფეხბურთელის დონეზე მევარჯიშა. ამიტომ ჯერჯერობით არ შემიძლია ვთქვა, მომავალში რა იქნება. აქ იმიტომ ვარ, რომ მაქსიმალურად ბევრი ვისწავლო. თავიდანვე ვუთხარი მწვრთნელს, მისმინე, აქ იმიტომ ვარ, რომ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დავიწყო, იმის მიუხედავად, აქამდე რა ვიცოდი და ტელევიზორში რა მქონდა ნანახი. აქ იმიტომ ვარ, რომ უკეთესი გავხდე“, – თქვა 8-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა. თვლიან, რომ ყველა დროის ყველაზე სწრაფი ადამიანი, ფეხბურთში რაიმე მნიშვნელოვანი კვალის დატოვებას ვერ შეძლებს.
ავსტრალიურ კლუბს სარეკლამო ტრიუკში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ბოლტის მიწვევით მათ პოპულარობის გაზრდა სურთ, რომელიც ზედიზედ ოთხ სეზონში პლეი ოფს მიღმა დარჩენით დაკარგეს.
„გამახსენეთ, რამდენი ოქროს მედალი მოიგო მან ოლიმპიადებზე? დიახ, 8 ოქროს მედალი. მხოლოდ ფიზიკური შესაძლებლობებით ამის მიღწევა შეუძლებელია. და თუ ბოლტი ჩვენს ფეხბურთელებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს, ეს ჩვენს ახალგაზრდა მოთამაშეებს მართლაც ძალიან წაადგებათ“, – ამბობს მაიკ მალვეი, „სენტრალ კოსტ მარინერსის“ მწვრთნელი.
თუკი მწვრთნელი ჩათვლის, რომ 32 წლის უსაინ ბოლტი მის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ადამიანი შესაძლოა, უკვე 31 აგვისტოს, ამხანაგურ მატჩში ვიხილოთ.