ირა ზაქარეიშვილი ჰიორინგიდან

„ვიტ ჯორჯიასა“ და „საბურთალოს“ ჭაბუკთა გუნდებმა შვედეთის „გოტია კაპის“ მერე დანიაში გადაინაცვლეს და 25 ათას კაციან პატარა ქალაქ ჰიორინგის ცენტრალურ სტადიონზე 1982 წლიდან დამკვიდრებულ „დანა კაპზე“ გახსნის ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა.

ტურნირზე 1000 გუნდი ითამაშებს 46 ქვეყნიდან, რომელთაც 288 არბიტრი განსჯის მსოფლიოს 21 საფეხბურთო ფედერაციიდან. პატარა ჰიორინგში და მის გარშემო სულ 65 მწვანე ხასხასა საფეხბურთო (!!!) მოედანია და დათვლილია, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში გუნდები სულ 2430 მატჩს ითამაშებენ.

ამ ტურნირზე აიდგეს ფეხი ისეთმა ვარსკვლავებმა როგორიცაა ბრიან ლაუდრუპი, ალან შირერი, რობი ფაულერი, ნვანკო კანუ და სხვა.

ქართველთაგან აქ გოჩა ხოჯავას უთამაშია ( 1995 წელს ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა), გიორგი დათუნაიშვილს, მეკარე მიხეილ მუჯრიშვილს, გიორგი ფიფიას, ლაშა ჯაფარიძეს…

აქ გაჰქონდა გოლები გიორგი ქვილითაიას, რომელსაც „ორჰუსი“ აკვირდებოდა და 2006 წელს 13 წლის გიორგი ჭანტურიაც აქ გახდა საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი.

ტურნირის პირველივე დღეს ქართველებმა სამივე მატჩი დიდი ანგარიშებით და მშრალად მოიგეს – „ვიტ ჯორჯიას“ ახალგაზრდებმა (2002 წლიანები, მწვრთნელი- ზაზა დიდებაშვილი) ნორვეგიული „ტროტ ილი“ გაანადგურეს 5-0 (გოლები: ლუკა ვასაძე-2, ბექა ბექაური, ნიკა ციხისელი, სოსო კარანაძე). წინ ასევე ნორვეგიული ბარიერებია-ჯერ „სარპსბორგი“ და ბოლოს – „ტვეიტი“.

პატარა საბურთალოელებმა (2002 წ, მწვრთნელი გიორგი ნადირაძე) უკრაინული ქალაქის ვინიცის „ტემპი“ შეარცხვინეს 8-0 (ნიკა კუპრაშვილი-2, მათე მამასახლისი-2, ნიკა ნიქაცაძე-2, ლუკა ლაბაძე და ნოდარ ტოგონიძე), ხოლო ამავე ასაკში ვოვა მუსერიძის გუნდმა გერმანული „ბრეტლინგენ-1925“ დაამარცხა 3-0 (თამაში ნიკა ცარციძის გოლით 1-0 მოიგეს, მაგრამ გერმანელებმა გადაზრდილი მოთამაშე ათამაშეს და 0-3 წაგება ჩაეთვალათ).

 

 

ფოტოები სოფი გიგაურისა და ნესტან ჩარკვიანისა