ესპანეთის ნაკრები უსახურად გამოეთიშა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს. რუსეთის ნაკრებთან პენალტებით დამარცხებული თავჩახრილი გუნდი ჩემოდნებს ალაგებდა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი კი იმეორებდა, რომ წამითაც არ ნანობს ჩემპიონატამდე ორი დღით ადრე მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი რომ გააგდო.

მიუხედავად იმისა, რომ ბურთს მთელი თამაშის განმავლობაში აკონტროლებდა, ესპანეთის ნაკრებმა შეტევაში ვერანაირი ნაპერწკალი ვერ აჩვენა და დაისაჯა.

რუბიალესმა მატჩისშემდგომ ინტერვიუში თქვა: „ჩემს გადაწყვეტილებას წუთითაც არ ვნანობ. კრიტიკულ მომენტებში სიმშვიდის შენარჩუნებაა საჭირო. სპორტში საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ იმარჯვებს. ჩვენ იმავე მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. მოწინააღმდეგეს აშკარად ვჯობდით და ბუნებრივია, რომ შეჯიბრებას გულდაწყვეტილები ვტოვებთ. ვგრძნობთ, რომ გაგვაგდო გუნდმა, რომელიც ჩვენს დონეზე არ იყო. მათ პენალტებით მოგვიგეს”.

ესპანეთში ბევრი მიიჩნევს, რომ „ლა როხას” ფიასკო სამი ადამიანის, „რეალის” პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის, ნაკრების ყოფილი მწვრთნელის ხულენ ლოპეტეგისა და ლუის რუბიალესის ბრალია.

„მე ყველაფერი უნდა ამეწონ-დამეწონა. გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე იყო რთული და კომპლექსური. ამასთან, დიდხანს ფიქრის დროც არ მქონდა. ახლა ჩვენ მხოლოდ წინ უნდა ვიყუროთ”, — თქვა რუბიალესმა.