წუხელ ლამის ჯგუფში ჩასარჩენად განწირულმა გერმანიამ კიდევ ერთხელ აგვიხსნა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
იოაჰიმ ლიოვის შეგირდებმა შვედებს ჯერ ანგარიში გაუთანაბრეს და სულ ბოლო წამებზე გამარჯვებისაც გაიტანეს.
ახლა გერმანია ბოლო ტურის წინ შვედეთთან უპირატეს მდგომარეობაშია.
ბოლო ან დამატებულ წუთებზე გოლისას ამბობენ ხოლმე, „ფერგის წუთზე“ გაიტანაო… არადა, გერმანიის ნაკრებს იმდენი მატჩი გადაურჩენია საფინალო სასტვენამდე წუთებით ადრე, „მანჩესტერს“ ნამდვილად არ ჩამორჩება.
ჩვენც გადავწყვიტეთ გერმანიის ნაკრების ის თამაშები შეგვეხსენებინა, ბოლო წუთებზე რომ გადაარჩინეს ან სულაც მოიგეს. ათვლის წერტილად 1982 წლის ესპანური მუნდიალის ლეგენდარული ნახევარფინალი ავიღეთ, თუმც იქამდეც ბევრი დრამატული ბოლო წუთი ყოფილა…
მაშ ასე, 1982 წლის ზაფხულში ევროპის მოქმედი ჩემპიონებისა და ფრანგების ნახევარფინალის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დამატებითში მარიუს ტრზორმა და ალენ ჟირესმა ორი გაიტანეს და თავი ფინალში დაიგულეს, მაგრამ… 97-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ გერმანია შეანჯღრია, 102-ზე გაიტანა, 108-ზე კი კლაუს ფიშერმა გაათანაბრა.
პენალტების სერიით ფინალში, რა თქმა უნდა, გერმანია გავიდა…
1986 წელს გერმანელები პირველ შეხვედრას ურუგვაისთან მე-4 წუთიდან აგებდნენ და 86-ზე მაინც გააყაიმეს. მეორე შეხვედრაში გორდონ სტრაჩანმა შოტლანდია დააწინაურა, მაგრამ ფიოლერმა და ალოფსმა ორი გაიტანეს. მერვედფინალში მაროკომ ბოლომდე იომა, მაგრამ ლოთარ მათეუსმა გამარჯვებისა 90-ზე გაიტანა. ფინალში კი არგენტინას 0:2 ბოლო წუთებზევე გაუთანაბრეს და… მერე უკვე მარადონას ბრწყინვალე პასით ხორხე ბურუჩაგამ გაიტანა.
1990 წელს არგენტინასთან ფინალურ შეხვედრაში ყველა რომ დამატებითი დროისთვის ემზადებოდა, გერმანელებმა მაშინ შეუტიეს და ბრემეს გოლით იჩემპიონეს.
1998 წელს მერვედფინალში მექსიკასთან გერმანია 0:1 აგებდა. კლინსმანმა გაათანაბრა, ბირჰოფმა კი 86-ე წუთზე საკუთარ გუნდს მეოთხედფინალის საგზური მოუტანა.
2002 წ. მერვედფინალში გერმანიას ამჯერად პარაგვაი ეომა და ერთადერთი გოლი ნოივილმა მაშინ გაიტანა, საფინალო სასტვენამდე ორი წუთი რომ რჩებოდა.
2006 წ. ჯგუფურ ეტაპზე პოლონელებს ნოივილმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუტანა, მერე გერმანიამ არგენტინას მეოთხედფინალი მე-80 წუთზე გაუთანაბრა და პენალტების სერიაში დაამარცხა.
2010 წელს მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გერმანია ურუგვაისთან აგებდა და 3:2 მოიგო. გადამწყვეტი გოლი ხედირამ 83-ე წუთზე გაიტანა. დაბოლოს: ყველაზე დიდი დასტური, რომ არასოდეს უნდა დანებდე, 2014 წლის მუნდიალის ფინალში 111-ე წუთზე მარიო გიოტცეს გატანილი გოლი იყო.
გუშინ 2018 წლის 23 ივნისი და გერმანიის მორიგი სასწაული იყო… კიდევ ბევრი იქნება…