ფიფამ გამოძიება დაიწყო. მისთვის გაუგებარი დარჩა, თუ რატომ იყო ეკატერინგბურგის სტადიონზე, ეგვიპტისა და ურუგვაის შეხვედრაში ათასობით ადგილი ცარიელი. ხოსე ხიმენესმა 90-ე წუთზე გაუტანა აფრიკელებს მატჩის ერთადერთი გოლი და ნაცვლად იმისა, რომ 6 ათასი გულშემატკივრით მეტს ეხმაურა ან მოეწყინა, თვალი მდუმარე ნარინჯისფერ სკამებს ხედავდა.

ეს ეკატერინბურგის სტადიონი ისედაც დიდი უცნაური რამ არის. ტევადობა არ გვაკმაყოფილებსო და არქიტექტორებმა ორი დროებითი ტრიბუნა მიამახინჯეს, რითაც 23 ათასი 33 ათასამდე გაზარდეს. შესაძლოა გაჩნდეს ეჭვი, რომ ამ გაშვერილ, სადღაც ქალაქში გასულ ტრიბუნებზე ბილეთები უფრო იაფია და ამიტომაც ისხდა ხალხი უფრო იქ, ვიდრე ძირითად კონსტრუქციაში, მაგრამ, როგორც ჩანს ასე მარტივადაც არ ყოფილა საქმე. ფიფას ღრმა რწმენით მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრიბუნაზე ცარიელი ადგილი არ უნდა რჩებოდეს და ამიტომაც შეხედა საკითხს ეჭვის თვალით. ორგანიზაციის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ოფიციალური მონაცემებით თამაშს 27 015 ადამიანი დაესწრო. მოსწრებულად თქვა ინგლისურმა „სანმა”: ეკატერინბურგში ყველა სკამს თავისი საჯდომი არ ჰქონდაო.

„ის, რომ დასწრება გავრცელებული ბილეთების რაოდენობაზე ნაკლები იყო ეჭვს ბადებს. ამის მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს, მათ შორის ის, რომ მავანთ ბილეთები იყიდეს და თამაშს აღარ დაესწრნენ”, — თქვა პრეს-მდივანმა.

სავარაუდოდ, ის ადამიანები, ვინც ბილეთები იყიდა და მერე სტადიონზე აღარ მივიდა გადამყიდველები არიან, რომელთაც ეს 6 000 ბილეთი ხელში დარჩათ. ჯამში მათ იზარალეს თუ არა, ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ წესით ბილეთები „შავ ბაზარზე” საერთოდ არ უნდა მოხვედრილიყო. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მსოფლიოს ტელეაუდიტორია კვლავ გახდება იმის მოწმე, რომ ამა თუ იმ მატჩზე ბილეთები გაყიდულია, მაგრამ სტადიონზე ადგილები ცარიელია.

ეკატერინბურგში, მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე აღმოსავლეთ წერტილში, კიდევ სამი თამაშია დანიშნული: 21 ივნისს საფრანგეთი — პერუ; 24 ივნისს იაპონია — სენეგალი და 27 ივნისს მექსიკა — შვედეთი.