გარეთ ბეილმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზღაპრული გოლი გაიტანა — ალბათ, შეჯიბრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთეო, „რეალის” მწვრთნელ ზინედინ ზიდანს კი მისთვის მატჩის დამთავრების შემდეგ მთელი სამი საათის განმავლობაში არაფერი უთქვამს, ხმა არ გაუცია. ეს ამბავი ინგლისურმა პრესამ გამოჩხრიკა საიდანღაც და შეამოწმა კიდეც, პირადად ბეილს ჰკითხა. უელსელმა მოკლედ უპასუხა: დიახ! — ასე იყოო.
ახლა, მოსალოდნელია, რომ ბეილის შეძენას „მანჩესტერ იუნაიტედი” მოიწადინება. ეს მას 200 მილიონი გირვანქა, პლუს ფეხბურთელის ხელფასად კვირაში 650 000 დაუჯდება.
ზიდანმა ბეილი „ლივერპულთან” შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშა, მოედანზე 61-ე წუთზე შეიყვანა და შეცვლამ გაამართლა: ფორვარდმა მოედანზე ფეხის შედგმიდან 122 წამში შეაგდო საოცარი მაკრატელა.
ინგლისური პრესის აზრით ის, რომ ზიდანს მატჩის შემდეგ ბეილისთვის მთელი სამი საათი არაფერი უთქვამს, ამ ორს შორის ცუდ ურთიერთობაზე მიუთითებს. ამბობენ, რომ ახლა ყველაფერი კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესზე იქნება დამოკიდებული. შესაძლოა პერესმა მწვრთნელს უელსელი დაატოვებინოს.
რაც შეეხება „იუნაიტედის” ინტერესს, ეს ცნობილი ამბავია. მანჩესტერელები 28 წლის თავდამსხმელის შეძენაზე კარგა ხანია ფიქრობენ. ცნობისთვის: ბეილმა „რეალის” შემადგენლობაში ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.
ამბობენ, რომ „იუნაიტედში” გადასვლის შემთხვევაში არსებობს პრობლემაც და მას ჟოზე მოურინიუ, უფრო სწორად კი მისი სათამაშო სტილი ჰქვია.
ახლა ბეილის აგენტი ჯონათან ბერნეტი უახლოეს ორ კვირაში პერესს შეხვდება.
ბეილმა ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა: „მე ყოველ ტურში უნდა ვთამაშობდე, მაგრამ ასე არ ხდება. ამ ზაფხულს ვაპირებ დავჯდე ჩემს აგენტთან ერთად და სერიოზულად მოვიფიქრო, რა ნაბიჯი უნდა გადავდგა მომავალში”.