ბენზემა vs ბეილი

Home კატეგორიის გარეშე ბენზემა vs ბეილი
ბენზემა vs ბეილი

საინტერესო დეტალი ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრიდან, რომელიც ლას პალმასში გაიმართა და სადაც „რეალმა” მასპინძლებს 3:0 მოუგო:

ამ შეხვედრაში „ლას პალმასის” კარში ორი პენალტი დაინიშნა. მადრიდელთა პენალტისტი კრიშტიანუ რონალდუ არ თამაშობდა  — ზინედინ ზიდანმა კანარის კუნძულებზე საერთოდ არ წაიყვანა; როგორც ჩანს „იუვენტუსთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ დაასვენა. ამის გამო თავისებური ამბავი მოხდა „თეთრების” თავდამსხმელთა, ქარიმ ბენზემასა და გარეთ ბეილს შორის.

39-ე წუთზე, როდესაც ლუკას ვასკესის წაქცევისთვის მასპინძელთა კარში პირველი თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, BeIN მედია ჯგუფის კამერებმა დააფიქსირეს, რომ უელსელი ფრანგთან მივიდა და სთხოვა დარტყმა მისთვის დაეთმო. ბენზემამ თანაგუნდელს უარი უთხრა. თავად გაიტანა გოლი.

აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდს ნეიმარი vs კავანის ტიპის გაგრძელება არ მოჰყოლია — გეხსომებათ, რამდენიმე თვის წინ „პარი სენ ჟერმენში” თანაგუნდელებს შორის მომხდარი ინციდენტი. ის, რომ ბენზემამ ბურთი არ დაუთმო ბეილმა მშვიდად მიიღო.

ხოლო როდესაც 51-ე წუთზე საკუთრივ ბეილის წაქცევისთვის დაინიშნა პენალტი, ბენზემამ ბურთი აიღო და თავისი ხელით მიაწოდა უელსელს.

ცნობისთვის: გარეთ ბეილმა ამ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა,  ხოლო ბენზემამ ერთი (პენალტი) გაიტანა და რამდენიმეჯერ ისეთი პოზიციიდან ვერ შეაგდო, საიდანაც გატანა უფრო ადვილი იქნებოდა.

 

 

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...