„მე სტილების არაფერი გამეგება. ყველა მათგანიდან ვირჩევ ერთს, რომელსაც გამარჯვება მოაქვს”, — უპასუხა როდრიგომ კითხვაზე, რომლის ავტორიც საყვედურით ამბობდა, რომ ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში, ხორვატიასთან მისთვის ჩვეული სტილით ვერ ითამაშა. „ლა როხამ” ხორვატებს ბერლინში 3:0 მოუგეს, მაგრამ პირველად ბოლო ათი წლის განმავლობაში ბურთს მეტოქე უფრო დიდხანს ფლობდა: 54% – 46%. მანამდე, მეტოქემ ესპანელებს ბურთის ფლობაში 111 თამაშის წინ, ვიგოში აჯობა. ეს იყო ამხანაგური შეხვედრა გერმანიასთან.
AS წერს, რომ ესპანეთმა ტყავი გამოიცვალა. რასაკვირველია, ის კვლავ რჩება გუნდად, რომელიც ცდილობს თამაში თავის ჭკუაზე მართოს, მაგრამ ამასთან ერთად დაცვაში თამაში ისწავლა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, არსენალში შეტევის ახალი ინსტრუმენტები დაამატა. ეს პალმაში ჩრდილოეთ ირლანდიასთან ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში გამოჩნდა და ხორვატიასთანაც განმეორდა: მორატამ გოლი ფაბიანის ვერტიკალური პასით გაიტანა. და ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც გუნდმა მოედნის სიგრძეზე თამაშის ხერხი გამოიყენა. თვით მეკარე უნაი სიმონმა ბევრჯერ სცადა ბურთი ფლანგებზე პირდაპირ ნიკო უილიამსისთვის ან ლამინე იამალისთვის გადაეგდო.
ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატი AS-ის აზრით ესპანეთის ნაკრებისთვის წყალგამყოფი გამოდგა. იქ, „ლა როხამ” მაროკოს ნაკრების კარში ათასი პასის მიუხედავად ხეირიანად ერთხელაც ვერ დაარტყა. მაშინ განივი პასების ახირებამ ზღვარს მიაღწია და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების საფეხბურთო დირექტორის ალბერტ ლუკეს ხელმძღვანელობით გადაწყვიტა დამოკიდებულება შეეცვალა. მიზანი იგივე დარჩა: თამაშში დომინანტი ესპანეთის ნაკრები უნდა ყოფილიყო, მაგრამ გუნდის მოქმედებას ნიუანსები უნდა დამატებოდა. ეს იყო ცნობილი B გეგმა. ლუკემ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს C გეგმაც კი ჰქონდა.
დე ლა ფუენტემ პირობა შეასრულა. ესპანეთის ნაკრები გრძივ ფეხბურთს თამაშობს. საამისოდ გუნდში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომელთა შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი არიან იამალი და უილიამსი.
ესპანეთისა და ხორვატიის შეხვედრის წინა დღეს ლუკა მოდრიჩმა თქვა, ფავორიტი ესპანეთია, რადგან მეტი ინდივიდუალური კოზირი აქვსო. დე ლა ფუენტეს გუნდმა მოსალოდნელთან შედარებით განსხვავებული ფეხბურთი ითამაშა. უმეტესობა ელოდა, რომ ესპანელები ბურთს გაუფრთხიდებოდნენ, გააგორებდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ შეუძლიათ უკანაც დაიხიონ და სწრაფ კონტრშეტევაზე ითამაშონ. ერთი სიტყვით, როდრის თქმისა არ იყოს, ამ გუნდს სტილისა ბევრი აღარაფერი გაეგება. ის ირჩევს თამაშს, რომელსაც მოგება მოაქვს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
