აი, თურმე რატომ ჩაშლილა მოლაპარაკებები… ყველას რომ ეგონა ხავი ერნანდესი სახლში ბრუნდებაო და „ბარსელონას“ქომაგებიც მის დასახვედრად დიდი ზარ-ზეიმით ემზადებოდნენ, კატალონიური კლუბის მწვრთნელის სავარძელში კიკე სეტიენი დასკუპდა.
„ბარსელონას“ პრეზიდენტის ხოსეპ ბართომეუს ამ გადაწყვეტილებამ ბევრი გააოცა, რადგან სეტიენი მანამდე დიდი მიღწევებით ვერ დაიკვეხნიდა. ის ძირითადად დაბალი დივიზიონის უცნობ გუნდებს ავარჯიშებდა და ოდენ „ბეტისის“ გაწრთვნით თუ შეეძლო თავი მოეწონებინა. ისე, კაცმა რომ თქვას ამ საქმეში ჭიპმოჭრილი არც ხავია, რომელიც ცოტა ხნის წინ მინდორზე ჯერ კიდევ ბურთს დასდევდა. საუდის არაბეთის „ალ საიდიც“ ახლახანს დაწყებულ სამწვრთნელო კარიერაში მისი პირველი გუნდია.
„ბარსელონას“ გულშემატკივრები საყვარელი ფეხბურთელის მწვრთნელის რანგში ხილვას სიამოვნებით ელოდნენ. თავის დროზე, პეპ გვარდიოლამაც ხომ ასე დაიწყო, რომლის კატალონიურ გრანდში 5 წლიანი ეპოპეა დღემდე დაუვიწყარია.
ცხადია, ესპანური მედია ამ ამბავს ასე არ დატოვებდა და მიზეზების ძიებას დაიწყებდა. მიაგნეს კიდეც. ირკვევა, რომ მოლაპარაკებები ჩიხში თავად ხავის შეუყვანია. ყოველშემთხვევაში ჩვენი უცხოელი კოლეგები ამაში გვარწმუნებენ. თან, საქმის მოკვარახჭინება არა ერთი ან ორი, არამედ 8 მოთხოვნის გამო ვერ მოხერხებულა, რომელიც ხავის ბართომეუსთვის წაუყენებია.
პირველ ყოვლისა, ხავის „ბარსელონაში“ დაბრუნება არა ზამთარში, არამედ ზაფხულში, ახალი სეზონიდან სურდა. გარდა ამისა, მის მოთხოვნებში შედიოდა კლუბის სპორტული მიმართულების სფეროში აქტიური ჩართვა, გუნდში კარლეს პიუოლის და ხორდი კრუიფის დაბრუნება და სამწვრთნელო შტაბში ძმის დასაქმება.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, პრეზიდენტი, ხოსეპ ბართომეუ ხავის ულტიმატუმებით გაოგნებულა და დამშვიდობებია. მოკლედ, კიკე სეტიენი მის ამჟამინდელ მდგომარეობას სწორედ ხავის უნდა უმადლოდეს, თორემ კაცმა არ იცის ოდესმე ეღირსებოდა თუ არა რეზიუმე „ბარსელონას“ მწვრთნელობით გაემდიდრებინა.
ავტორის პროფილი
- ის მსოფლიო მოგზაურია, ჯუმბერ ლეჟავას დიდად არ ჩამორჩება ნანახი ქვეყნების რიცხვით, ოლიმპიზმის ისტორია კი ლოზანაში ოლიმპიური მუზეუმის დირექტორზე ნაკლებად არ იცის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა ოლიმპიური ჩემპიონის კვარცხლბეკზე ასვლას პირადად დაესწრო
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/03/2020 | 12:39თქვენ რა გესმით ფეხბურთის…
კატეგორიის გარეშე01/03/2020 | 13:14აკაპულკო, დუბაი, დოჰა…
აქეთურ-იქითური29/02/2020 | 18:15თუ დასცალდა ლივერპულს…
კატეგორიის გარეშე29/02/2020 | 17:39დერბი იტალია გადაიდო… სხვები მიჰყვა
