დადგით ფეხი ხაზზე და ჩართეთ ვიდეო!

Home კატეგორიის გარეშე დადგით ფეხი ხაზზე და ჩართეთ ვიდეო!
დადგით ფეხი ხაზზე და ჩართეთ ვიდეო!

ახლა რომ საფრანგეთში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, მის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაციის საბჭომ, რომელიც თამაშის წესებს იგონებს და ცვლის, დაადგინა, რომ პენალტის დროს მეკარეს ცალი ფეხი მაინც უნდა ედგას კარის ხაზზე. ხოლო თუ ის დახტის, მაშინ ეს ხაზის გასწვრივ უნდა აკეთოს.

ქალთა ჩემპიონატზე, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მეკარეებმა ეს წესი არ დაიცვეს, რის გამოც მსაჯებმა გუნდებს დარტყმა გაამეორებინეს. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი შოტლანდიისა და არგენტინის შეხვედრაში მოხდა, როდესაც სქოთთა მეკარემ ლი ალექსანდერმა მართალია თერთმეტი მეტრიდან დარტყმული ბურთი მოიგერია, მაგრამ ხაზს სავალდებულო ერთი ფეხით, ნაწილობრივადაც კი არ ეხებოდა. განმეორებითი დარტყმა კი გოლით დასრულდა და შოტლანდია შეჯიბრებას გამოეთიშა.

ახლა, ეს ამბავი რატომ მოვყევით. ინგლისში სამსაჯო საქმეებს ორგანიზაცია Professional Game Match Official LTD განაგებს, რომელიც აგვისტოდან, როდესაც პრემიერლიგა დაიწყება, ვიდეორეფერის ნერგავს. ეს ინგლისისთვის სიახლეა და როგორც ჩანს, ხსენებული ორგანიზაცია მას მაინც სიფრთხილით ეკიდება. უთქვამთ კიდეც, მაინც გვირჩევნია ვიდეოტექნიკა იშვიათად გამოვიყენოთ და გადაწყვეტილებები ძირითადად მსაჯებმა მიიღონო.

ამ საკითხს, სწორედ საფრანგეთში დატრიალებული საპენალტე ამბების განხილვისას შეეხო ფიფას მსაჯთა შეფი პიერლუიჯი კოლინა, რომელმაც ინგლისელებს შეუტია: „არ მინახავს კანონი, ასეთი რამ რომ ეწეროს. მე ვიცი, რომ წესები ერთნაირი უნდა იყოს ფიფას წევრი ყველა ქვეყნის ყველა შეჯიბრებისთვის. ამიტომ კეთილი ინებეთ და სხვა შემთხვევების გარდა ვიდეორეფერი პენალტების დროსაც გამოიყენეთ.”

 

 

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.