ოთხიდან სამმა მოიგო…

ოთხიდან სამმა მოიგო…

კონფერენციის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩები გამართეს ქართულმა კლუბებმა. თბილისის „დინამო“ ლუქსემბურგში, „მონდორფთან“ მატჩის დასაწყისში, ალიასიმ ბასა და მათე ვაწაძის გოლებით დაწინაურდა. მეორე ტაიმში თბილისელებმა კარის „მშრალად“ შენახვა ვერ მოახერხეს, მასპინძლებმა ერთი ბურთი გაქვითეს, საბოლოოდ 2:1 „დინამოს“ სასარგებლოდ და თბილისელებმა საპასუხო მატჩის წინ, რომელიც 16 ივლისს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გაიმართება, უპირატესობა მოიპოვეს.

3:1 მოიგო საკუთარ მოედანზე გორის „დილამ“, რომელმაც სან მარინოს „ვირტუსი“ დაამარცხა – საპასუხო მატჩს გორელები 16 ივლისს სტუმრად გამართავენ.

ერთი დღით ადრე კონფერენციის ლიგაში ქუთაისის „ტორპედომაც“ ითამაშა, რომელიც აზერბაიჯანის „ზირასთან“ 0:3 დამარცხდა.

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონს – თბილისის „იბერიამ“ გასვლითი მატჩი ჩაატარა ტალინში, „ფლორასთან“ 3:2 მოიგო და დიდი ნაბიჯი გადადგა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ, თუმცა ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ 14 ივლისს, როდესაც ამ გუნდების საპასუხო მატჩი თბილისში გაიმართება და იმედია, „იბერია“, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს ოფიციალურადაც მოიპოვებს.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.