დეშამს დედა გარდაეცვალა

დეშამს დედა გარდაეცვალა

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამი შინ გაფრინდა. მას დედა გარდაეცვალა. „ლურჯების“ თავკაცი ნორვეგიასთან შეხვედრას ვერ დაესწრება.

დეშამმა დედის გარდაცვალების ამბავი სამშაბათს დილით გაიგო. იმავე დღეს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა სამძიმრის წერილი და გულშემატკივარს შეატყობინა, რომ დეშამის საქმეს რამდენიმე დღის განმავლობაში მისი ასისტენტი გი სტეფანი შეასრულებს. შეგახსენებთ, რომ „ლურჯებმა“ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორივე თამაში მოიგეს ― სენეგალს 3:1 აჯობეს, ხოლო ერაყს 3:0. ნორვეგიასთან შეხვედრას მნიშვნელობა აქვს იმის გასარკვევად, თუ ვინ გავა პირველ ადგილზე I  ჯგუფში.

დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებს 2012 წლიდან უდგას სათავეში.

სამშაბათს, შუადღისას ბენტლის უნივერსიტეტის საწვრთნელ მოედანზე საფრანგეთის ნაკრებმა ვარჯიში მეტად უჩვეულოდ დაიწყო: 26 ფეხბურთელი მოედნის ცენტრში შეიკრიბა და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ფილიპ დიალოსთან ერთად პატივი სცეს მწვრთნელის დედის ხსოვნას.

ერაყთან გამარჯვების შემდეგ ფრანგებმა ამხანაგური შეხვედრა გამართეს „ნიუ ინგლანდ რევოლუშენის“ ახალგაზრდულ გუნდთან. ეს თამაში შედგებოდა ორი 25 წუთიანი ტაიმისგან და მასში მონაწილეობა მეტწილად მიიღეს იმ ფეხბურთელებმა, რომლებსაც მუნდიალზე სათადარიგოთა სკამზე უწევთ ჯდომა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.