ირანი შოლოიცკვინტლეში მიდის

ირანი შოლოიცკვინტლეში მიდის

ირანელი თავდამსხმელი სარდარ აზმოუნი, რომელიც არაბთა გაერთიანებული საემიროების „შაბაბ ალ ალჰიში“ თამაშობს ნაკრების განაცხადში არ შეიყვანეს. სავარაუდო მიზეზი: მან მარტში დაპოსტა ფოტო, რომელიც საემიროების მმართველ რაშიდ ალ მაქთუმთან ერთად აქვს გადაღებული. შეგახსენებთ, რომ ირანი აშშ-სა და ისრაელთან ომობს. კონფლიქტის მსვლელობისას ირანელებმა დაბომბეს საემიროებიც ანუ მათთვის ეს ქვეყანაც მტრულია.

აზმოუნს ნაკრების შემადგენლობაში 91 შეხვედრაში 57 გოლი აქვს გატანილი და გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენს, მაგრამ ის კარს მომდგარ მსოფლიოს ჩემპიონატში ვერ ითამაშებს. მუნდიალზე ირანელთა ჩასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, თუმცა გადაწყდა, რომ გუნდი არა აშშ-ში არამედ მექსიკაში დაბინავდება.

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ აშშ-ს ირანის ნაკრების მასპინძლობა არ უნდა და ამიტომ, გუნდს მისი ქვეყანა მიიღებს.

„ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა უმასპინძლოს მექსიკამ ირანის ნაკრებს“, – თქვა მექსიკის პრეზიდენტმა.

შესაბამისად, ირანელი ფეხბურთელები ტიხუანაში, სენტრო შოლოიცკვინტლეს საწვრთნელ ბაზაზე დაბინავდებიან. ეს სიტყვა „შოლოიცკვინტლე“ აცტეკების ძველ ენაზე შოლოტის (ელვის, ცეცხლისა და მიცვალებულთა სულების მეგზური ღმერთია) ძაღლს ნიშნავს.

ირანის ნაკრები ბოლო შეკრებას თურქეთში გადის. ის 15 ივნისს ახალ ზელანდიას, 21 ივნისს ბელგიას, ხოლო 26 ივნისს ეგვიპტეს უნდა შეხვდეს. პირველი ორი თამაში ლოს ანჯელესში, ხოლო მესამე სიეტლში გაიმართება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.