კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა

კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა

სერია A-ს ბოლო ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა გუნდმა „ნაპოლიმ“ „უდინეზეს“ 1:0 მოუგო და მეორე ადგილზე გავიდა. მატჩის დამთავრების შემდეგ „აძურის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც თქვა:

„ბოლონიასთან“ 2:3 წაგების შემდეგ ვიგრძენი, რომ შექმნილი ვითარება არ მომწონდა. ასეთ დროს ადამიანს უნდა გეყოს გამბედაობა, რომ შენი აზრი დაუფარავად გამოთქვა. რასაც ვფიქრობ ცხოვრებაში არ დამიმალავს და არც დავმალავ. მზად ვიყავი გვერდითაც გავწეულიყავი. აშკარა იყო, რომ ზოგიერთი ახალშეძენილი ფეხბურთელი ძველ ჯგუფს ვერ შეერწყა, რის გამოც შეიქმნა რთული დინამიკა. საბედნიეროდ, მე მერგო ჯგუფი, რომლებთანაც გულწრფელად შემეძლო ლაპარაკი. ჩვენ მდგომარეობა გავარკვიეთ და შევთანხმდით, რომ ერთ ნავში ქარის საწინააღმდეგოდ უნდა გვეცურა. მაშინ თავიდან დავიწყეთ ყველაფერი…

…პრეზიდენტს ერთი თვის წინ დავურეკე. მას არაფრის გაგონება არ უნდოდა. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენი მეგობრობის ხათრით მისთვის სიმართლე უნდა მეთქვა და მოვახსენე, რომ „ნაპოლიში“ ჩემი დრო დასასრულს უახლოვდებოდა. „ნაპოლიში“ ერთი მთავარი მარცხი განვიცადე – ერთიანობა ვერ უზრუნველვყავი. ასეთ დროს კი სხვა გუნდებთან შეჯიბრება ძნელია. მე ცხოვრებაში ბევრი შხამი მინახავს და ყველა, ვინც მას ავრცელებს ხელმოცარული კაცია…

…„ნაპოლის“ ლუზერები არ სჭირდება. მას სჭირდება კლუბში შეყვარებული სერიოზული ხალხი. მათ „ნაპოლი“ უნდა უყვარდეთ ისე, როგორც უყვართ გულშემატკივრებს, რომლებიც ბილეთში ფულს იხდიან. მავნებლები კი უნდა მოშორდნენ. მე სწორედ ამაში შევცდი და მივხვდი, რომ ერთსულოვნებას ვერასდროს მივაღწევდი. ამიტომაც ავწიე ხელები. ფასს საკუთარი წასვლით ვიხდი. ყოველთვის ასე ვიქცეოდი…

…მეამაყება „ნაპოლის“ რომ ვედექი სათავეში. ეს პრესტიჟი და პატივი იყო. ამ შესაძლებლობისთვის პრეზიდენტს მადლობას ვუხდი. „ნაპოლის“ ფანები გამიგებენ…

…ცხოვრებაში ბევრი რამ მომიგია, მაგრამ არასდროს მიზეიმია ისე, როგორც „ნაპოლიში“ სკუდეტოს მოგების შემდეგ ვიზეიმე. „ნაპოლის“ ერთსულოვნება სჭირდება. მას სჭირდება ხალხი, რომელსაც ეს კლუბი უყვარს…

…„ბოლონიასთან“ თამაშის დღე განსაკუთრებით რთული იყო. ეს იყო ყველაზე ცუდი მომენტი. ორი გზა მრჩებოდა: პრობლემებთან ჯიქურ შებრძოლება ან თავის მოკატუნება, გეგონება არაფერი ხდებოდა. ჩვენ სუპერ თასი მოვიგეთ და მოეორე ადგილზე გავედით. ვერც კი წარმოვიდგენდი ეს წელიწადი ასეთი რთული თუ იქნებოდა“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.