არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო

არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო

აწ უკვე გასულ სეზონში დაკნინებულმა „ტოტენჰემ ჰოთსფურმა“ პრემიერლიგაში ადგილი მხოლოდ ბოლო დღეს შეინარჩუნა. რობერტო დე ძერბის გუნდმა პალინიას გოლით „ევერტონს“ 1:0 მოუგო და „ტოტენჰემ ჰოთსფურ სთედიუზე“ შეკრებილი ხალხი სიხარულით ცას სწია. შესაბამისად, გავარდა „ვესტ ჰემი“, რომელსაც „ლიდსთან“ 3:0-მა ვერ უშველა. „ჩაქუჩები“ ჩემპიონშიფში „ბარნლისა“ და „ვულვერჰემპტონს“ შეუერთდებიან. არადა, მათ 2023 წელს კონფერენციის ლიგა მოიგეს… ბოლო ჯერზე „ვესტ ჰემმა“ 14 წელიწადი გაძლო პრემიერლიგაში.

წარუმატებელი გამოდგა პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტისთან“ გამოსათხოვარი მატჩი – „ქალაქელებმა“ „ასტონ ვილასთან“ 1:2 წააგეს. საბოლოოდ, „სიტიმ“ ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა – 7 ქულით ჩამორჩა ჩემპიონ „არსენალს“. „ასტონ ვილა“ მეოთხეზე გავიდა.

„მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში 460-ე და ბოლო შეხვედრა ჩაატარა ბერნარდუ სილვამ. ის ცხრა წელიწადს თამაშობდა ცისფერი ფორმით. როდესაც მე-60 წუთზე გვარდიოლამ პორტუგალიელი შეცვალა, ორივე გუნდმა ტაშით გააცილა, რაც ღირსეული ჟესტი იყო.

პრემიერლიგაში შარშან აღზევებულმა „სანდერლენდმა“ ბოლო შეხვედრაში „ჩელსის’’ 2:1 მოუგო და ევროპის ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. „ჩელსი“ შესაბამისად ევროპულ შეჯიბრებებს მიღმა დარჩა. „სანდერლენდი“ მე-7 ადგილზე გავიდა, ხოლო „ჩელსი“ მეათეზე.

„ბორნმუთმა“ „ნოტინგემ ფორესტთან“ 1:1 ითამაშა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას პრემიერლიგაში 3 იანვრის შემდეგ 18 შეხვედრაში არ წაუგია. გუნდი მე-6 ადგილზე გავიდა ისიც ევროპის ლიგაში გამოვა.

ბოლო დღეს ერთმანეთს შეხვდნენ ევროთასების ფინალისტები „არსენალი“ და „კრისტალ პალასი“. „მეთოფეებმა“ 2:1 მოიგეს. ახლა „პალასი“ ოთხშაბათს კონფერენციის ლიგის ფინალში „რაიო ვალეკანოს“ შეხვდება, „არსენალი“ კი შაბათს „პარი სენ ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუპირისპირდება.

„კრისტალ პალასი“ მე-15 ადგილზე გავიდა.

„ლივერპულმა“ „ბრენტფორდთან“ 1:1 ითამაშა, მე-5 ადგილზე გავიდა და გაისადაც ჩემპიონთა ლიგაში იქნება. ამ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილს მონაწილეობა არ მიუღია. მერსისაიდელთა კარში „ენფილდ როუდის“ საყვარელი გოლკიპერი, გამოჯანმრთელებული ალისონი იდგა. განსაკუთრებით მოინდომა მო სალაჰმა, რომელიც „წითლების“ შემადგენლობაში ბოლოჯერ თამაშობდა. ეგვიპტელი გუნდს 442 შეხვედრისა და 257 გოლის შემდეგ დაემშვიდობა. ბოლო მატჩი იყო ენრდიუ რობერტსონისთვისაც. შოტლანდიელმა მცველმა „ლივერპულის“ შემადგენლობაში 278 თამაში ჩაატარა. სკაუსერებს ორივე ცხრა სეზონის განმავლობაში ემსახურა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელი ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში კი რეკორდსმენი გახდა, მან პრემიერლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი, 21 საგოლე პასი შეასრულა.  მანამდე 20 საგოლე პასით  „სიტის“ კევინ დე ბრუინი (2019-20 წლების სეზონი) და „არსენალის“ ტიერი ანრი (2002-2003 წლების სეზონი) პირველობდნენ. „იუნაიტედმა“ 3:0 მოუგო „ბრაიტონს“. ფერნანდეშმა პირველი გოლის დროს შეასრულა სარეკორდო ასისტი.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მესამე ადგილი მოიპოვა, „თოლიები“ კი მე-8 ადგილიდან კონფერენციის ლიგაზე გავლენ.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.