ჭადრაკის სასახლეში დასრულებული ქალთა საქართველოს 75-ე პირველობა ნინო ბაციაშვილმა მოიგო. მან ბელა ხოტენაშვილის მსგავსად 7 ქულა დააგროვა, თუმც დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და ქვეყნის დედოფალი მეორედ გახდა. პირველად ნინომ 2015 წელს იპირველა.
ჩემპიონატი დაძაბულად წარიმართა. საწყის ტურებში ქვეყნის ორგზის ჩემპიონმა სალომე მელიამ იყოჩაღა და მე-6 ტურის შემდეგ ქულით უსწრებდა უახლოეს მდევრებს, თუმც შემდეგ ორი პარტია დასთმო და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. პირველ-მეორეზე კი 6-6 ქულით ნინო ბაციაშვილი და ბელა ხოტენაშვილი ავიდნენ. ცხადი გახდა, რომ ბოლო მე-9 ტურში ჩემპიონი ამ ორ მოჭადრაკეს შორის გამოვლინდებოდა.
პირველმა შავებით მოთამაშე ბაციაშვილმა მოიგო, მან მირანდა მიქაძე 29-ე სვლაზე დააშამათა და ერთპიროვნული ლიდერიც გახდა. ხოტენაშვილმაც იმარჯვა, თეთრებით მაკა ფურცელაძესთან 57-ე სვლაზე, თუმც დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა და ოქროც ნინოს დარჩა.
დებულების მიხედვით პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკე ქალთა ნაკრების წევრობის კანდიდატად დასახელდა, I-III-ზე გასულები ქალთა ევროპის ჩემპიონატზე დაფინანსდებიან და საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაიშვებიან.
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა
- ნინო ბაციაშვილი – 7
- ბელა ხოტენაშვილი – 7
- ლელა ჯავახიშვილი – 6
- მერი არაბიძე – 5,5
- სალომე მელია – 5,5
- სოფიო გვეტაძე – 4,5
- მირანდა მიქაძე – 3,5
- ნინო ხომერიკი – 2
- მაკა ფურცელაძე – 2
- თამარ წერეთელი – 2
ავტორის პროფილი
- კაცი ჭადრაკსა და გრაფიკულ დიზაინზე შეყვარებული... წერილთქმნის შუალედებში "სარბიელელთა" პატარა, მყუდრო კომპანიებში რედაქტორისგან უჩუმრად კათხა (ბოთლა, ჭიქა...) ლუდის გადამკრავი... ასეთ ადამიანს მეტსახელად 90-იანების სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის სახელი რატომ უნდა დაანათლო - ეს მხოლოდ "სარბიელმა" იცის.
უახლესი პოსტები
დავთარი08/12/2021 | 11:31გამბიტი არ გამოვიდა
დავთარი28/01/2021 | 01:33მაგნუს, ვეღარ მაგნუსობ?
კატეგორიის გარეშე30/08/2019 | 11:43წკიპურტი მაგნუსს
კატეგორიის გარეშე10/08/2019 | 18:18იყო არაბეთს ბაადურ…
