ნოემბრის სანაკრებო კვირაში გაირკვა 2026 წლის მუნდიალის ფინალური ეტაპის მონაწილე გუნდების აბსოლუტური უმრავლების ვინაობა, შედგა ევროპული და საკონტინენტთაშორისო ფლეი-ოფების წილისყრა. 48 მონაწილიდან 42 ცნობილია, დანარჩენები მარტში გაიკვლევენ გზას აშშ-ს, კანადისა და მექსიკის სტადიონებისკენ. ჩემპიონატამდე ნახევარი წელიწადი დარჩა, მაგრამ მას უკვე უწოდებენ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე პოლიტიზებულს. აქტიურობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ის ხშირად აკეთებს მუნდიალთან დაკავშირებულ განცხადებას. ტრამპი ბევრჯერ გამოჩნდა ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან ერთად. რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა საუდის არაბეთის დელეგაცია მიიღო, რომელსაც თან მსოფლიო ფეხბურთის დიდი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ახლდა. დელეგაციას ხელმძღვანელობდა საუდეთის ტახტის მემკვიდრე მოჰამედ ბენ სალმანი. ეს ყველაფერი კი 2026 წლის ჩემპიონატისა და პოლიტიკის გადაჯაჭვულობაზე მიუთითებს.
ტრამპის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ერთგული დარჩება 2025 წლის გადაწყვეტილებისა, რომლის თანახმადაც მსოფლიოს ჩემპიონატის დროს აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალება 19 ქვეყნის მოქალაქეებს. ეს ქვეყნებია: ავღანეთი, ბირმა, ჩადი, კონგო, ეკვატორული გვინეა, ერითრეა, ჰაიტი, ირანი, ბურუნდი, კუბა, ლაოსი, სიერა ლეონე, ტოგო, თურქმენეთი, ლიბია, სომალი, სირია, იემენი და ჩრდილოეთ კორეა. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელებისთვის, ნაკრები გუნდების თანამშრომლებისთვის და იმ პირებისთვის, რომელთა ამერიკაში შესვლა შეჯიბრების ჩატარებისთვის არის აუცილებელი. აშშ-ში ფეხს ვერ შედგამენ გულშემატკივრები, ჟურნალისტები, მსაჯები და სხვანი. გამონაკლისები კატეგორიულად აკრძალულია.
ეს გადაწყვეტილება სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც საფეხბურთო სამყარო აქამდე იყო შეჩვეული. აქამდე მსოფლიოს ჩემპიონატების წინ მასპინძელ ქვეყანაში შესვლა როგორც წესი იოლდებოდა. საელჩოები ვიზებს უფრო მარტივად იძლეოდნენ და ასე შემდეგ.
შექმნილი ვითარება განსაკუთრებით დელიკატურია ჰაიტისა და ირანის მიმართ, რადგან ტრამპის სიაში მოხვედრილი ქვეყნებიდან ამ ორის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობს. ჰაიტი მუნდიალზე ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ იყო და დიდ ფორუმზე დაბრუნებამ კრიზისით დატანჯულ ქვეყანაში დიდი სიხარული გამოიწვია. ჰაიტიში ყველაფერი იმდენად მოშლილია, რომ ნაკრებმა საშინაო მატჩებსაც კი ვერ უმასპინძლა, მაგრამ გულშემატკივრები იმედით იყვნენ სავსენი. ისინი აპირებდნენ გაყოლოდნენ ნაკრებს. ახლა ირკვევა, რომ მათ შეუძლიათ ბილეთები არც კი იყიდონ და საელჩოებში ფინანსური გარანტიები არ წარადგინონ, აშშ-ში მაინც არ შეუშვებენ.
„ფიფა პასის’’ სისტემა აშშ-ს მიერ შემოღებული შეზღუდვების დასაძლევად საკმარისი არ არის. არადა, ეს სისტემა თავის დროზე აკრედიტებული პერსონალისთვის გადაადგილების გასამარტივებლად მოიფიქრეს.
გამოსავალი რამდენიმე კვირაშია მოსაფიქრებელი. 5 დეკემბერს ვაშინგტონში გაიმართება კენჭისყრა, რომლის მერეც აგორდება ბილეთებისა და სასტუმროების დაჯავშნის პირველი ტალღა. სხვადასხვა შესაძლო ვარიანტიდან ერთ-ერთი არის კანადისა და მექსიკის რაიმე ფორმით გამოყენება ამ ხალხის მუნდიალზე შეშვების საქმეში.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები02/06/2026 | 08:26ირანი შოლოიცკვინტლეში მიდის
აქეთურ-იქითური02/06/2026 | 07:08პარიზელები მარჯვენა გარემარბს მიადგნენ
აქეთურ-იქითური01/06/2026 | 08:41Maxifoot: შეძლებს დემბელე ოქროს ბურთის ზედიზედ მეორედ მოპოვებას?
მთავარი ამბავი01/06/2026 | 07:20კვარა და ხუთი პარიზელი
