„ლაციოსთან’’ ოთხ დღეში ორი წაგების შემდეგ „ნაპოლიმ’’ უდინეში 3:1 მოიგო. პირველ ტაიმში მასპინძლები ფლორიან ტოვინის გოლით (პენალტი ალექს მერექსმა აუღო, მაგრამ ფრანგმა დაამატა) დაწინაურდნენ, მაგრამ მეორეში რომელუ ლუკაკუმ, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ და დავიდ ნერეშის ბრწყინვალე გარღვევით დაბნეულმა ლაუტარო ჯანეტიმ სამჯერ შეაგდეს ბურთი „უდინეზეს’’ კარში.
ნეაპოლური საიტები ხარობენ, რომ მათმა გუნდმა ძლიერი ხასიათი და თავდადება აჩვენა. 16 ტურის შემდეგ სერია A-ს ცხრილში „აძური’’ „ატალანტას’’ შემდეგ მეორე ადგილზეა. ის სკუდეტოსთვის ბრძოლას განაგრძობს. ბერგამოელები ნეაპოლელებს 2 ქულით უსწრებენ. მათ სტუმრად 1:0 მოუგეს „კალიარის’’.
„უდინეზეს’’ და „ნაპოლის’’ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის გამო არ უთამაშია. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველის ნაცვლად ანტონიო კონტემ ბრაზილიელი დავიდ ნერეში ათამაშა, რომელმაც გაუმართლა. ნერეში მთელი შეხვედრის განმავლობაში მობილიზებული და სახიფათო იყო. მას პირველ ტაიმში ორჯერ შეეძლო გოლის გატანა, მეორეში კი როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მისი დრიბლინგით დაბნეულმა უდინელმა მცველმა თავის კარში გაიტანა გოლი. საერთო შეფასებით ბრაზილიელი აშკარად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.
დადივ ნერეშის კარგ თამაშში გასაკვირი და უჩვეულო არაფერია, მაგრამ მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ნეაპოლელი გულშემატკივრის კომენტარები, სადაც ეწერა: „ნერეში კვარას სჯობია!’’; „ბრაზილიელმა დიდებულად ითამაშა, ამიერიდან სასტარტო შემადგენლობაში მან უნდა ითამაშოს!’’; „ეს ბიჭი ხელშეუხებელია, ის ნამდვილი ტალანტია!’’; „კვარას შემცვლელი უკვე გუნდში გვყავს!’’; „კონტემ ის სულ ძირთადში უნდა ათამაშოს!’’.
ამ კომენტარების წაკითხვისას ჩნდება კითხვა: ხომ არ სჯობს კვარაცხელიასთვის „ნაპოლიზე’’ სერიოზული კლუბი მოძებნოს და რაც შეიძლება მალე დააღწიოს თავი გუნდს, რომელმაც თავის მაქსიმუმს შესაძლოა უკვე მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ამ ბოლო დროს იტალიურ პრესაში გახშირდა ინფორმაცია, თითქოს „ნაპოლის’’ ხელმძღვანელობამ და ქართველი გარემარბის გარემოცვამ საერთო ენა გამონახეს და დეკემბრის ბოლოსთვის ახალ ხელშეკრულებასაც გააფორმებენ.