„ნაპოლიმ“ იტალიის თასის მეთექვსმეტედფინალში „პალერმოს“ 5:0 მოუგო. ნეაპოლელები წაუგებელს სვლას განაგრძობენ: მანამდე სერია A-ში ზედიზედ სამი თამაში მოიგეს და ტურინში ფრედ ითამაშეს. ადგილობრივი საიტები წერენ, რომ ანტონიო კონტემ გუნდს უკვე დაატყო კვალი. მათ მოსწონთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს რომელი შემადგენლობა თამაშობს, მისმა ბიჭებმა იციან როგორ ითამაშონ. მონდომებაზე ლაპარაკიც აღარ არის.
კონტემ „აძურის“ გულშემატკივართა გული მოიგო, მაგრამ ახალ „ნაპოლიში“ არის კიდევ ერთი ფიგურა, ტიფოზების ახალი კერპი – სკოტ მაკტომინეი. პირველი დიდი ეფექტი მან ტურინში მოახდინა, „პალერმოსთან“ „მარადონაზე“ კი რომელუ ლუკაკუს პასით შესანიშნავი გოლი გაიტანა და ტრიბუნები აღაფრთოვანა. ნეაპოლელები ხვდებიან, რომ შოტლანდიელი მკაფიოდ საშუალოზე მაღალი დონის ფეხბურთელია და ემოციებს ვეღარ თოკავენ.
კონტემ კი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს თავისი თვალსაზრისი გააცნო:
„ამ შეხვედრაში თამაშისადმი მიდგომას ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა. თამაშის წინ საკუთარ თავს ვუთხარით, რომ სერიოზული ფეხბურთი უნდა გვეთამაშა.
რაც შეეხებათ ცალკეულ ფეხბურთელებს, მე ისინი დამსახურების მიხედვით არასდროს დამიხარისხებია. ჯემს ხელთ ძველიდან დარჩენილი ჯგუფი კარგი ბიჭებისგან შედგება, ახლები კი მათ კარგად შეერწყნენ.
როდესაც „ინტერს“ ჩავუდექი სათავეში, ყველაფრის აღსადგენად დიდი შრომა დაგვჭირდა. იგივე ხდება „ნაპოლიში“. სოლიდური ბაზა დამხვდა და ახლა მასზე დაყრდნობით ვმუშაობ. ძველში ახალი ენერგიის ინტეგრირების პროცესი მიმდინარეობს.
ჩვენ ძალიან გვეხმარება ის გარემოება, რომ კვირაში მხოლოდ ერთხელ ვთამაშობთ. გუნდის აღმშენებლობის პირველ წელიწადს ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.
ნეაპოლელთაგან გოლები გაიტანეს სირილ ნგონგემ, (მე-7 და მე-12 წუთებზე), ჟუან ჟესუსმა (42-ე), დავიდ ნერეშმა (70-ე) და სტივ მაკტომინეიმ (77-ე).
ხვიჩა კვარაცხელია და ლუკაკუ თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთნენ. მათ ნერეში და ჯოვანი სიმეონე შეცვალეს. მაკტომინეი 77-ეზე ჯაკომო რასპადორის ნაცვლად შევიდა.
„პალერმოს“ 58-ე წუთზე სერბი ალიოშა ვაშიჩი სახიფათო თამაშისთვის გაუძევეს.
„ნაპოლი“ მერვედფინალში 4 დეკემბერს რომში „ლაციოს“ შეხვდება.