Tirana, Albania Giorgi Kochorashvili of Georgia celebrating after scoring a goal during the UEFA Nations League 2024/2025 League E - Group 1 match...როგორც აღმოჩნდა, ალბანელთა მუქარა, ჯოჯოხეთს მოგიწყობთო, ჩვენი ჰიმნის დროს სტვენას გულისხმობდა.

სხვა მხრივ კი, რომ ვთქვათ, ვინმე შეაშინესო, სასაცილო იქნება. კი, ხმაურობდნენ, მთელი მატჩის განმავლობაში სკანდირებდნენ და ჩვენი ქომაგების მცირერიცხოვანი ჯგუფის ხმასაც, ცხადია, ფარავდნენ, მაგრამ თამაშს, ხმაური კი არა, სწორი თამაში და გოლი რომ იგებს, მტკიცება რად უნდა.

ჰო, ჩვენი ქომაგების ხსენებაზე, ერთი ქართველი გულშემატკივარი გავიცანი, გერმანიაში მცხოვრები კაცი. წინა დღეს მანქანით ნიდერლანდებში გადასულა, ჩვენი ახალგაზრდულის თამაშს დასწრებია, სახლში დაბრუნებულა და ორიოდ საათში უკვე ალბანეთში გამოფრენილია. ნაღდად იმსახურებდა ის კარგი კაცი, შინ გახარებული დაბრუნებას.

შესვენებისას, დიდ მონიტორზე პირველი ტაიმის ჰაილაითებს რომ ვუყურებდი, უშუალოდ ტრიბუნიდან მიღებული შთაბეჭდილება გამიმყარდა: ალბანელებმა ვერაფრით გვაჯობეს! არ ჰქონიათ თუნდაც ერთი მომენტი, კაცმა რომ თქვას, ბეწვზე გადავრჩითო. ჩვენი მომენტები კი უფრო შინაარსიანი გახლდა. და როცა ქოჩორამ მეორე ტაიმის შუაწელში ჯადოსნური ბურთი შეაგდო და „კაპიტანი საქართველოს“ ჟესტითაც აღნიშნა, ცალკე სიამოვნება ხომ ეს ამბავი იყო და ცალკე კიდევ, ენაგადაყლაპული ალბანელი ფანობა.

ნამატჩევს, კომენტარების ჩაწერის გამო, სტადიონიდან მცირე დაყოვნებით რომ გამოვედი, კაციშვილი იქ არ იყო. ყველანი უჩუმრად წასულიყვნენ. ერთი საგულისხმო დეტალიც. მიქს-ზონაში ალბანელმა ფეხბურთელებმა თავისივე ჟურნალისტები ჩალაგამოვლებულები დატოვეს. 23 ფეხბურთელიდან 23-ივემ (!) კითხვებზე პასუხებზე უარი თქვა. ზოგმა მათგანმა კი ჟურნალისტების თხოვნაზე ისეთი უკმეხი პასუხი მიაძახა, ალბანელი ჟურნალისტი რომ ვყოფილიყავი, იმათი ჩაწერა არასდროს მომინდებოდა…

                                                                                                                       გიორგი დარჯანია ტირანადან საგანგებოდ სარბიელისთვის

 

Tirana, Albania Shota Nonikashvili of Georgia and Elseid Hysaj of Albania during the UEFA Nations League 2024/2025 League B - Group 1 match between...

Tirana, Albania Georgian supporters during the UEFA Nations League 2024/2025 League E - Group 1 match between Albania and Georgia at Air Albania...